თბილისი, 30 ნოემბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია „მაესტროს“ შენობაში დილიდან „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ეროსი კიწმარიშვილი უცნობ პირებთან ერთად იმყოფებოდა. თანამშრომლებს მუშაობის დაწყების საშუალება არ ჰქონდათ. გათიშული იყო ტელეკომპანიის ეთერიც, თუმცა ამ დროისთვის ის პირდაპირ ეთერში მაუწყებლობს.
ტელეკომპანია „მაესტროს“ მმართველი კომპანიის ხელმძღვანელმა ეროსი კიწმარიშვილმა, რომელსაც მართვის უფლება 2012 წლის 30 ნოემბრამდე აქვს, „მაესტროს“ გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე და ერთ-ერთი თანადამფუძნებელი და პროდიუსერი მამუკა ღლონტი სამსახურიდან გაათავისუფლა. სამსახურიდან დათხოვნილი თანამშრომლები კი აცხადებენ, რომ „კიწმარიშვილს ამის უფლება არ აქვს“.ახლა უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ტელევიზიის ირგვლივ ატეხილი დღევანდელი აჟიოტაჟი „მაესტროში“ გუშინ ბიზნესმენ და პოლიტიკოს ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ გამოიწვია და ტელეკომპანიის დამფუძნებლებსა და მართვის კომპანიას შორის არსებული დაპირისპირება სწორედ ბიზნესმენის სახელს უკავშირდება.
ამის შესახებ ივანიშვილის გარემოცვაც ალაპარაკდა. ივანიშვილის ადვოკატი ეკა ბესელია „მაესტროში“ დღეს განვითარებულ მოვლენებს ტელეკომპანიაში ბიზნესმენის გუშინდელ სტუმრობას უკავშირებს და აცხადებს, რომ კიწმარიშვილი საკუთარი ქმედებებით იძლევა საფუძვლიან ეჭვს, რომ ის ხელისუფლების თამაშს თამაშობს.
ამასთან, ტელეკომპანია „მაესტროს“ შესაძლო დარბევასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვი აქვს ტელეკომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელ მამუკა ღლონტს, რომელიც საზოგადოებასა და მედიას ტელეკომპანიის მხარდაჭრისკენ მოუწოდებს.
როგორც ღლონტმა „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში საუბრისას აღნიშნა, საპატრულო პოლიცია, რომელიც ამ დრომდე რჩება ტელეკომპანიის ტერიტორიაზე, მხოლოდ ეროსი კიწმარიშვილს უსმენს. „ეროსი კიწმარიშვილი შემოიჭრა „მაესტროში“, აქ მას დახვდა ჩვენი მორიგე თანამშრომელი, „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელზე გასცა ბრძანება, რომ ღობიდან გადაეგდოთ. გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია და ის კიწმარიშვილთან ერთად ამ დრომდე ჩვენ არ გავძლევდა მუშაობის საშუალებას. აღსანიშნავია, რომ პოლიცია უსმენს მხოლოდ ეროსი კიწმარიშვილს. პოლიციამ არ მოისმინა არც დამფუძნებლების და არც გენერალური დირექტორის განცხადებები. დამფუძნებლების 100%-ის სახელით ვაცხადებ, რომ ეროსი კიწმარიშვილის კონტრაქტი კომპანიასთან შეწყვეტილია. მე ვიმყოფები ჩემს საკუთრებაში და ვახორციელებ იმ უფლება-მოვალეობას, რაც მე მონიჭებული მაქვს. „მაესტრო“ ეცდება, გავიდეს ეთერში“, – განაცხადა ღლონტმა.
მისივე თქმით, დამფუძნებლები ჩაკეტილი არიან ტელევიზიის შენობაში, გარედან კი კარის მტვრევის ხმა ისმის. „მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ყველაფერი კეთდებად დაკვეთით. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ პატრული უსმენს მხოლოდ ეროსი კიწმარიშვილს. მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ეს არის ოპერაცია „იმედი 2“ და არის მცდელობა, დაიხუროს „მაესტრო“, – აღნიშნა ტელეკომპანიის დამფუძნებელმა.