პოლიტიკა
საქართველო ეჩშხ-ის ფარგლებში რუსეთთან ვალდებულებების განხორციელებას წყვეტს

sagareoთბილისი, 30 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს დელეგაციას ერთობლივ საკონსულტაციო ჯგუფში სურს ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ (ეჩშძ) ხელშეკრულების წევრ-სახელმწიფოებს აცნობოს შემდეგი:

საქართველო უკიდურესად შეშფოთებულია უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე რუსეთის მუდმივ შეუსაბამისობაში ყოფნით ეჩშძ ხელშეკრულებასა და საფლანგო დოკუმენტთან.

ეჩშძ ხელშეკრულების ფარგლებში აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისადმი რუსეთის ფედერაციის, ევროპაში ყველაზე დიდი ჩვეულებრივი სამხედრო ძალების მქონე სახელმწიფოს, განუწყვეტელმა გულგრილობამ სერიოზული ზარალი მიაყენა ხელშეკრულებას, რომელიც მართებულად განიხილება ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ქვაკუთხედად.

 

რუსეთის მიერ სტამბოლის ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ვერ მოხერხდა ადაპტირებული ეჩშძ ხელშეკრულების რატიფიცირება 10-ზე მეტი წლის განმავლობაში.

რუსეთმა, ასევე, არ შეასრულა ეჩშძ ხელშეკრულების ლეგალური პირობა მიმღები ქვეყნის თანხმობის შესახებ (მუხლი IV, პარაგრაფი 5). საქართველოს ტერიტორიაზე მიმღები ქვეყნის თანხმობის გარეშე სამხედრო ძალებისა და შეიარაღების განლაგებით რუსეთმა დაარღვია ერთ-ერთი იმ ფუძემდებლურ პრინციპთაგანი, რომლებზეც დაფუძნებულია ეს ხელშეკრულება.

2007 წლის დეკემბერში რუსეთმა კვლავ დაარღვია ეჩშძ ხელშეკრულება მის შესრულებაზე ცალმხრივი მორატორიუმის გამოცხადებით. ეჩშძ ხელშეკრულებით, მასთან ასოცირებული დოკუმენტებითა და საფლანგო შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის, ვერიფიკაციის, ინფორმაციის გაცვლისა და რაოდენობრივი შეზღუდვების შესახებ დებულებების მოქმედების ცალმხრივი შეჩერებით რუსეთის ფედერაციამ ევროპის უსაფრთხოების სისტემა სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა.

უფრო მეტიც, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიით, რომელიც დასრულდა საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციით, რუსეთის ფედერაციამ უხეშად დაარღვია როგორც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები, ისე ეჩშძ ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავრი პრინციპი, რომელიც გაწერილია მის პრეამბულაში და ავალდებულებს მონაწილე სახელმწიფოებს, „თავი შეიკავონ როგორც ერთმანეთთან, ისე საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენებისგან ან ძალით მუქარისგან, როგორც რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ასევე, რამე სხვა სახით, რომელიც შეუთავსებელია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მიზნებთან და პრინციპებთან“ (ხელშეკრულების პრეამბულა, მე-4 პუნქტი). ამჟამად რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, სადაც ეჩშძ ხელშეკრულებისა და ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეში დარღვევით აგრძელებს უკანონო სამხედრო აღმშენებლობას.

რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის და ეჩშძ ხელშეკრულების უხეში დარღვევის მიუხედავად, საქართველო განუხრელად ასრულებდა ხელშეკრულებით და საფლანგო დოკუმენტით განსაზღვრულ ყველა ვალდებულებას რუსეთის ფედერაციის მიმართ და, ამავდროულად, მონაწილეობდა ურთიერთმისაღები გამოსავლის მოძიების მიზნით ეჩშძ წევრ-სახელმწიფოებს შორის მიმდინარე დისკუსიებში. თუმცა, ვინაიდან რუსეთის ფედერაციას არ აღმოაჩნდა შექმნილი ჩიხიდან გამოსავლის მოძიების მზაობა, დამაკმაყოფილებელი შედეგი ვერ იქნა მიღწეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველო დღეიდან წყვეტს შემდეგი ვალდებულებების განხორციელებას რუსეთთან მიმართებაში:

საქართველო არ მიაწვდის რუსეთის ფედერაციას ინფორმაციას ყოველწლიური საინფორმაციო გაცვლის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ეჩშძ ხელშეკრულების შესაბამისად;

საქართველო არ მიაწვდის რუსეთის ფედერაციას რაიმე შეტყობინებას ეჩშძ ხელშეკრულების თანახმად;

საქართველო არ მიიღებს რუსეთის ფედერაციის მიერ ეჩშძ ხელშეკრულების თანახმად მოთხოვნილ ინსპექციებს;

აღიარებს რა ეჩშძ ხელშეკრულების წვლილს მისი მოქმედების არეალში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნაში, საქართველო გააგრძელებს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ხელშეკრულების ყველა წევრ-სახლმწიფოსთან მიმართებაში, გარდა რუსეთის ფედერაციისა და გამოხატავს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს და მონაწილეობა მიიღოს ევროპაში შეიარაღებაზე კონტროლის რეჟიმის აღდგენაზე გამიზნულ სამომავლო კონსულტაციებში“.