სამართალი
საჭიროა დეპუტატთა რაოდენობის 40-ით გაზრდა?

parlamenti6თბილისი, 30 ნოემბერი, საქინფორმი. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განაცხადა,  რომ 20 დეკემბრიდან დაიწყება პარლამენტში იმ საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა, რომელიც დეპუტატთა რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდას ითვალისწინებს მომდევნო არჩევნების შედეგად.

მისი თქმით, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იყო პარლამენტი უფლებამოსილი, ამ ტიპის გადაწყვეტილება მიეღო, შესაძლოა, ამ ინიციატივის დამტკიცების შემდეგ უკვე საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს იმ შემთხვევაში, თუ  ამ იდეის მოწინააღმდეგეები მას გაასაჩივრებენ.

„ეს კანონი, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება მიღებული და ამის შემდეგ ყველა დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება, ამ საკითხთან დაკავშირებით ვიდაოთ და თუ შეფასება მოხდება ამ საკითხის კონსტიტუციური წარმოების წესით, მხოლოდ მივესალმები“, – განუცხადა კუბლაშვილმა ჟურნალისტებს.

ეს კომენტარი მან მას შემდეგ გააკეთა, რაც საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც საყოველთაო სახალხო განხილვის ფაზაში იმყოფება, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე იქნა განხილული.

სამოქალაქო სექტორის არცერთ წარმომადგენელს პოზიტიური მოსაზრება არ გამოუთქვამს დეპუტატთა რაოდენობის გაზრდის ინიციატივის მიმართ, რაც მმართველ პარტიასა და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის ზაფხულში მიღწეული შეთანხმების ნაწილია.

შეხვედრაზე ყველა გამომსვლელმა გააკრიტიკა მოსალოდნელი ცვლილებები როგორც ინიციატივა, რომელიც ეწინააღმდეგება 2003 წლის ნოემბრის რეფერენდუმის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, დეპუტატების რაოდენობა 150-ს არ უნდა აღემატებოდეს. კანონმდებლობით, რეფერენდუმის გზით მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა მხოლოდ ახალი რეფერენდუმის გზით არის დაშვებული.

კუბლაშვილი ამ კრიტიკას არ დაეთანხმა, რადგან, მისი თქმით, 2003 წლის რეფერენდუმი იყო უკანონო, რაკი ის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არ ჩატარებულა, როგორც ეს კანონით არის დადგენილი; ასევე, რეფერენდუმზე გამოტანილი გადაწყვეტილება ერთ თვეში არ ასახულა კანონმდებლობაში, რაც, ასევე, კანონის მოთხოვნაა; და მისი მესამე არგუმენტი იყო ის, რომ 2005 წლის თებერვალში რეფერენდუმით განსაზღვრული შედეგის კონსტიტუციაში ასახვა იყო „პოლიტიკური ნების“ გამოვლენა და არა რეფერენდუმის შედეგების გაზიარება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია)წარმომადგენელმა თათული თოდუამ  შეახსენა, რომ ამ დრომდე 2003 წლის რეფერენდუმის შედეგები არავის დაუყენებია ეჭვქვეშ, მათ შორის, სასამართლოს გზით და მოუწოდა კანონპროექტის საჯარო განხილვის პროცესში საწინააღმდეგო არგუმენტების გათვალისწინებისკენ.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მომავალ პარლამენტში 107 დეპუტატი აირჩევა პარტიული სიით, ხოლო 83 დეპუტატის არჩევა მაჟორიტარული წესით მოხდება. ამჟამად პარლამენტში არსებული 150 მანდატი თანაბრად ნაწილდება 75/75-ზე პროპორციული და მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატებს შორის.

კუბლაშვილის თქმით, ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია, პროპორციული მანდატების ხვედრითი წილი გაიზარდოს მაჟორიტარულთან შედარებით; ასევე, ის, რომ ოლქებს შორის მეტ-ნაკლები გათანაბრება მოხდეს ამომრჩეველთა რაოდენობის, რაც რიგი მსხვილი მაჟორიტარული ოლქების დაყოფას და, შესაბამისად, მაჟორიტართა რაოდენობის 83-მდე ზრდას განაპირობებს.

მან განაცხადა, რომ ეს „სწორი, კომპრომისული“ ნაბიჯია, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ „არ არის იდეალური ვარიანტი“ და არ „აღმოფხვრის განსხვავებებს“ მაჟორიტარულ ოლქებს შორის. ხმების თანასწორობის უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო სტანდარტით, ოლქების ამომრჩევლებს შორის სხვაობა 10-15%-ს არ უნდა აღემატებოდეს, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა.

იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდება დეპუტატთა რაოდენობის გაზრდაზე ცვლილებები მისი მიღების შემდეგ და სასამართლო მას უკანონოდ მიიჩნევს, პარლამენტს ისევ 150 დეპუტატს შორის მოუწევს პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების გადანაწილება.

მარტში მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკებების ფარგლებში წარმოდგენილი სამი კონფიგურაციიდან, ორი ეხებოდა დეპუტატების რაოდენობის გაზრდას, ხოლო ერთი წინადადება გულისხმობდა 150-წევრიანი პარლამენტის შენარჩუნებას, სადაც 83 დეპუტატი – მაჟორიტარული, ხოლო 67 პარტიული სიით უნდა არჩეულიყო.

სექტემბერში კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ  აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისთვის ჩატარებული კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 60% პარლამენტში ადგილების ზრდის წინააღმდეგი იყო და მხოლოდ 8% ემხრობოდა ამ იდეას.