თბილისი, 30 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია. ის საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ სამთავრობო დელეგაციებს შორის საგარეო, ეკონომიკისა და სასაზღვრო სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებიც გაფორმდა.
პრეზიდენტი სააკაშვილი სომხეთის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ დაუბრუნდა ერთიანი კავკასიის შექმნის იდეას და აღნიშნა, რომ ერთიანი კავკასია კავკასიის ყველა ქვეყნის ინტერესებშია.„ჩვენი კონცეფცია ერთიანი კავკასიის პრინციპებს ეფუძნება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველა კონფლიქტი, რომლებიც კავკასიაშია, იმპერიული ძალების მიერ არის თავსმოხვეული. ამიტომ ერთიანი ეკონომიკური სივრცე და პერსპექტივაში ერთიანი პოლიტიკური თანამეგობრობის შექმნა ყველას ინტერესებშია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს განხორციელდება. მჯერა, რომ კონფლიქტები, რომლებიც გარედან იყო მოხვეული, გადაწყდება და რაც უფრო ნაკლები იქნება ჩარევა, მით უფრო გამოვნახავთ საერთო ენას“, – განაცხადა სააკაშვილმა.