საზოგადოება
ქართულ მიწებს ბური ფერმერები ეპატრონებიან

burebi22თბილისი, 30 ნოემბერი, საქინფორმი. ამ ბოლო ხანებში აქტუალურია ბური ფერმერების საქართველოში ჩამოსახლების თემა. ეს კი განაპირობა ხელისუფლების მიერ რამდენიმე სოფელში მიწების ჩამორთმევის აქტიურმა პოლიტიკამ.

საქინფორმის წყაროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულიდან სამი ათას ჰექტარზე მეტი ასეთი მიწის მფლობელი გახდა ათეულობით ბური ფერმერი. ხელისუფლება ამ პროცესს საზოგადოებას უმალავს. „ეჭვებს კი ის იდუმალი მოლაპარაკებები ამძაფრებს, რომელსაც როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში მირზა (პაპუნა) დავითაია აწარმოებს. გაუგებარია – თუკი ბურების ჩამოსახლება ემსახურება ქართული ეკონომიკის წინსვლას ან საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას, რატომ აწერს ხელს 2010 წლის 18 აგვისტოს მემორანდუმს დავითაია და არა ეკონომიკის ან  სოფლის მეურნეობის მინისტრი? ეს მაშინ, როდესაც მემორანდუმის მეორე მხარეს წარმოდგენილია სამხრეთ აფრიკის ეროვნული აგრარული კავშირის გენერალური მენეჯერი ბენი ვან ზილი“, – აცხადებს წყარო.

როგორც საქინფორმმა გაარკვია, ბურ ფერმერთა მეტი დაინტერესებისთვის სპეციალური ვებგვერდიც კი შეიქმნა, რომლის მეშვეობითაც ჰოლანდიური წარმოშობის სამხრეთაფრიკელ მოსახლეობას ონლაინრეჟიმში შეუძლია, მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის მისაღებად, სადაც კითხვარიდან ერთი კითხვა ეხება ჩამოსახლებული ბური ოჯახის რიცხოვნობას. ეს ფაქტები მეტად საგულისხმოა, რამდენადაც შესაძლებელია, შეიცავდეს გარკვეულ საფრთხეს ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული სიტუაციიდან გამომდინარე.

ბურები განსაკუთრებით ინტენსიურად სტუმრობენ კახეთს, კერძოდ, შირაქის მიწებსა და ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურის ტყის მიმდებარე ტერიტორიას. ეს ნიადაგები გამოირჩევა მაღალი ნაყოფიერებით. არადა, ამ მიწებს ქართველი გლეხი ვერ ინარჩუნებს მაღალი გადასახადების გამო, რაც საბოლოოდ ჩამორთმევის მიზეზი ხდება.

რაც შეეხება ლაგოდეხის რაიონის სოფლ ჭიაურის მცხოვრებთ, წყაროს ინფორმაციით, სოფლის მიწები მაღალნაყოფიერია, თუმცა დაჭაობებული ადგილები მალარიის წყაროა, რაც სოფლის მოსახლეობისთვის ძალზე შემაწუხებელია. ამ თვალსაზრისით სოფლის დახმარების პროგრამის სამუშაოები დადებით შედეგებზე ნაკლებად აისახება.