სამართალი
თბილისი, 29 ნოემბერი, საქინფორმი. უბედური შემთხვევა მოხდა დედოფლისწყაროში. დღეს, გამთენიისას, დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქუჩაზე, ბანკი „კონსტანტას“ მშენებარე ოფისს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც 77 წლის გიორგი ოზაშვილი გარდაიცვალა.
როგორც ინტერნეტგაზეთ „ქიზიყს“ დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო სამსახურში განუცხადეს, შეტყობინება 29 ნოემბერს დილის 4:37 წუთზე შევიდა. ადგილზე რამდენიმე სამაშველო ბრიგადა გავიდა. ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხერხდა, თუმცა საყარაულო ოთახში მხოლოდ მამაკაცის გვამის ნაწილები იყო. სახანძრო სამსახურში ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ.როგორც დედოფლისწყაროს სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში აცხადებენ, გვამი ექსპერტიზის ჩასატარებლად ქალაქ გურჯაანში გადაიგზავნა.
მომხდარზე შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. ექსპერტები შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ.
„ასაკიანი კაცი იყო და, ალბათ, ნასვამს ჩაეძინა, ხანძარი კი მოძველებული ელექტროსადენებით გაჩნდა. მარტოხელა კაცი იყო“, – აცხადებენ ჰერეთის ქუჩის მცხოვრებნი.