თბილისი, 29 ნოემბერი, საქინფორმი. მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად, იუსტიციის სახლის ვებგვერდიდან შეუძლიათ მიიღონ ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობა და საინფორმაციო ბარათი.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გაბრიელაშვილის განმარტებით, ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობა (ე.წ. სულადობის ცნობა) მოქალაქეებს, ძირითადად, კომუნალური გადასახადების გამო სჭირდებათ, ხოლო საინფორმაციო ბარათი – ნოტარიუსთან წარსადგენად საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის. ამგვარი საბუთების მიღება ონლაინრეჟიმში ID ბარათის მფლობელ ნებისმიერ პირს შეუძლია.სერვისით სარგებლობა ID-ბარათის წამკითხველის მეშვეობით არის შესაძლებელი. ცნობის მისაღებად მოქალაქემ იუსტიციის სახლის ვებგვერდზე: www.house.gov.ge ID-ბარათის გამოყენებით უნდა შეავსოს ელექტრონული განცხადება. ონლაინ რეჟიმში ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობა და საინფორმაციო ბარათი საჭირო საბუთების წარდგენიდან ორი სამუშაო დღის ვადაში მომზადდება და მისი საფასური 15 ლარია. აღსანიშნავია, რომ საქმისწარმოების ყოველ ეტაპზე მოქალაქეს განცხადებაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ამა თუ იმ მოქმედების შესრულების შესახებ შეტყობინებები მიუვა.
სულადობის ცნობისა და საინფორმაციო ბარათის მიღება შეუძლია საზღვარგარეთ მყოფ პირსაც. ამისთვის მოქალაქემ იუსტიციის სახლის ვებგვერდზე უნდა შეავსოს ელექტრონული განცხადება, ატვირთოს მისი ბიომეტრიული ფოტოსურათი, დაუკავშირდეს დისტანციური მომსახურების ცენტრის ოპერატორს და ცნობის მიღებასთან დაკავშირებით პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოს საკუთარი ნება.