თბილისი, 29 ნოემბერი, საქინფორმი. „ბიძინა ივანიშვილი ის ქართველი მილიარდერია, რომლის სახელიც არასდროს გსმენიათ და რომლის ჰაი-ტექ სასახლე სავსეა ხელოვნების ფასდაუდებელი ნიმუშებით“, – წერს ბრიტანული გამოცემა „The Telegraph“.
თუმცა როგორც ჟურნალისტი ენდრიუ ოსბორნი აღნიშნავს, მილიარდერი მზად არის, საქართველოს გადარჩენას პრივატულობა შესწიროს.
„ეს კომპლექსი, რომელიც 30 მილიონი ფუნტი დაჯდა და იაპონელი ფუტურისტი არქიტექტორის – შინ ტაკამაცუს, პროექტითაა აგებული, ათ წელზე დიდხანს შენდებოდა. შენობის ზედა ორი სართული მთლიანად მინისაა, ხოლო სახურავზე ასაფრენი მოედანია. 10 000 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე დგას მინის კოშკიც, რომელშიც მრგვალი საცურაო აუზია. ლითონის გიგანტურ მბრუნავ სფეროში, რომელიც აუზის თავზე კიდია, პრივატული კაფეა, ხოლო გარემომცველ ბაღებში ზაჰა ჰადიდის, ანიშ კაპურის, დემიენ ჰერსტის და ჰენრი მურის სკულპტურებია მიმოფანტული. დადის ხმები, რომ აქ ზოოპარკიც კი აქვთ, ზებრებითა და პინგვინებით, მაგრამ ჩემი ამასწინანდელი ვიზიტისას ეს ვერ შევნიშნე. საშტატო შემადგენლობა გორაკზე მდებარე ამ ცენტრში გოლფის ელექტრომანქანებით დაქრის, ხოლო შავ ფორმაში ჩაცმული დაცვის წევრები ერთმანეთს რადიოგადამცემებში ეჩურჩულებიან. შემთხვევითი არ არის, რომ ვიზიტორებს მფლობელის თანამშრომლები ისე ხვდებიან, თითქოს ეუბნებიან – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯეიმს ბონდის სახლში“, – წერს ავტორი.სტატიაში ნათქვამია, რომ სასახლის ინტერიერი არანაკლებ ექსტრაორდინარულია.
„მფლობელის 1-მილიარდიანი არტკოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი აქ არის გამოფენილი, თუმცა საინტერესო მოულოდნელობით. პაბლო პიკასოს „დორა მაარი კატასთან“ ერთ-ერთ კედელზე კიდია (2006 წელს ის 95.2 მილიონ ფუნტად შეიძინეს). ეგონ შილეს ტილოები, რომლებიც 40 მილიონი ფუნტი ღირდა, მთავარ ოფისს ამშვენებს. მოულოდნელობა? აქ მხოლოდ ასლებია – იმის შიშით, რომ ნაღდი ფულის მაძიებელი მთავრობა გამოსძალავს, ყველა ორიგინალი ლონდონშია გადამალული. ადგილობრივები წლების განმავლობაში კითხულობდნენ – ვინ შეიძლება იყოს მინის სასახლის მფლობელი და გარესამყაროს ცნობისწადილიან მზერას მეპატრონემ მხოლოდ ახლახან გაუღო კარი. გაიცანით ბიძინა ივანიშვილი, ქართველი ოლიგარქი ბანკირი, რომლის ქონება 3.5 მილიარდ ფუნტადაა შეფასებული და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ჩამონათვალში 185-ე ადგილზეა.
55 წლის მაგნატი, რომელსაც მეუღლე და ოთხი შვილი ჰყავს, ბოლო დრომდე ცნობილი იყო როგორც უჩინარი ადამიანი. წარსულში მან პრესას ინტერვიუ მხოლოდ ერთხელ მისცა და იოლად ვერც მის ფოტოს იშოვნიდით. ის ადამიანი-გამოცანა გახლდათ“, – აღნიშნულია სტატიაში.
ავტორი ბიზნესმენის ბიოგრაფიულ მონაცემებზეც წერს. აღნიშნავს, რომ ივანიშვილი უკიდურეს გაჭირვებაში საბჭოთა საქართველოში 1956 წელს დაიბადა – ქვეყნის ყველაზე ცნობილი შვილის – იოსებ სტალინის, გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ. მაღაროელის შვილმა მუშაობა ქარხნის დამლაგებლად დაიწყო და მეზობელ რუსეთში უზარმაზარი ბიზნესიმპერია განავითარა.
„გასულ თვეს ის, როგორც იქნა, ჩრდილიდან გამოვიდა, პოლიტიკაში შეაბიჯა და თავისი მზერა ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში უმაღლეს თანამდებობას მიაპყრო. გასულ კვირას ივანიშვილმა თავის კოშკში „The Sunday Telegraph“-სა და სხვა უცხოელ ჟურნალისტებს უმასპინძლა, რათა მსოფლიოსთვის თავი გაეცნო. შეხვედრა მის კაბინეტში გაიმართა, სადაც ივანიშვილის საყვარელი ნამუშევრებია, მათ შორის, კლოდ მონეს ტილო.
ძვირადღირებულ, მაგრამ მოკრძალებულ ნაცრისფერ იტალიურ კოსტუმში გამოწყობილი და „რადოს“საათით ხელზე, უზადოდ დავარცხნილი ოლიგარქი (არაკეთილისმსურველები მას „გრაფ დრაკულას“ ეძახიან) მშვიდად და დამაჯერებლად საუბრობს, ისე, როგორც ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივ, თავისას ყოველთვის აღწევს. ის ყოველმხრივ ცდილობს იმის ხაზგასმას, რომ პოლიტიკა საშინლად არ უყვარს, არ აქვს გრძელვადიანი პოლიტიკური ამბიციები და რომ ამჯობინებდა წარსული ცხოვრების გაგრძელებას, ვიდრე ახალი კარიერის დაწყებას 55 წლის ასაკში“, – წერს ენდრიუ ოსბორნი.
სტატია ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან ფრაგმენტებით გრძელდება.
„პრივატულობა დღემდე ჩემი ცხოვრების გზა იყო, – ამბობს იგი. – არ მიყვარდა ფორმალური შეხვედრები, რადგან ის თავისუფლებას მართმევდა. მე მხოლოდ ჩემს მეგობრებთან მიყვარდა დროის გატარება, სადაც შემეძლო ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც ვარ და ნიღბის გაკეთება არ მჭირდებოდა“.
ის ამბობს, რომ თავი ვალდებულად ჩათვალა, უარი ეთქვა პრივატულ ცხოვრებაზე, რათა გადაერჩინა მშობლიური საქართველო მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მცოცავი დიქტატურისგან.
„გულწრფელად რომ გითხრათ, არჩევანიც არ მქონდა, – დასძენს იგი და მისი ინტონაცია მძაფრდება. – საქმე ქვეყანას ეხებოდა“.
„მათ მოკლეს დემოკრატია, თავიდან მოიშორეს მედია და განსხვავებულ აზრს გასაქანს არ აძლევენ. ეს კლასიკური ავტორიტარული მთავრობაა და არსებობს ნიშნები იმისა, რომ ის დიქტატურად გადაიქცეს. პოლიტიკა არასდროს მიყვარდა, მაგრამ მე ვარ ერთადერთი ფიგურა, რომელსაც ახლა ხალხი ენდობა“, – ამბობს ივანიშვილი.
ჟურნალისტი შენიშნავს, რომ ბიზნესმენი ოდნავ რუსული აქცენტით საუბრობს.
„ივანიშვილის გადაწყვეტილებამ, პოლიტიკაში ჩართულიყო, რამაც ბიზნესმენის ჯეიმს ბონდისეული ცხოვრების წესი გაასაჯაროა, მის ოპონენტებში გაოცება გამოიწვია. ისინი ივანიშვილს კრემლის მარიონეტს უწოდებენ, რომელსაც ქვეყნის რუსულ ორბიტაზე დაბრუნება უნდა. ივანიშვილს რუსეთთან მართლაც სერიოზული კავშირები აქვს. მას აქვს რუსული პასპორტი (აქვს, ასევე, ფრანგული პასპორტი და ბოლო დრომდე ქართული პასპორტიც ჰქონდა), საკუთარი ქონება იქ ქაოტურ 1990-იან წლებში დააგროვა. ბიზნესი კომპიუტერების რეალიზაციით დაიწყო და შემდეგ საქმიანობა საბანკო ბიზნესსა და რკინის ინდუსტრიაში განაგრძო. ეს მოქმედებისთვის სასტიკი და დიდწილად არალეგალური გარემო იყო და მისი ოპონენტები ამტკიცებენ, რომ წინსვლისთვის ბიზნესმენს რუსეთის ხელისუფლებასთან მლიქვნელობა დასჭირდებოდა. ივანიშვილს რუსეთში დიდი აქტივები დღემდე აქვს, მათ შორის, უძრავი ქონების იმპერია, ფარმაცევტული ქსელი და წილი რუსეთის გაზის გიგანტ „გაზპრომში“. ის ადასტურებს, რომ რუსეთის პირველ პოსტსაბჭოთა პრეზიდენტ ბორის ელცინს იცნობდა, მაგრამ ამტკიცებს, რომ არასდროს შეხვედრია პუტინს და რომ კრემლის მარიონეტი არ არის. ივანიშვილმა პირობა დადო, რომ ასეთი ბრალდებების გასაქარწყლებლად მთელ მის რუსულ აქტივებს გაყიდის“, – წერს ავტორი. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს პროდასავლურმა მთავრობამ აშშ-ში განსწავლული იურისტით, მიხეილ სააკაშვილით სათავეში, რომელსაც ივანიშვილთან ერთ დროს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ცნობა პოლიტიკურ ოპოზიციაში ბიზნესმენის გამოჩენის შოკური გადაწყვეტილების შესახებ სასტიკად მიიღო.
„მას შემდეგ, რაც ოქტომბერში თავისი პოლიტიკური ამბიციების შესახებ საჯაროდ განაცხადა, ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს. მას სასტიკად აკრიტიკებს მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედია, მისი ბანკის საინკასაციო მანქანა დააკავეს და მილიონობით ფუნტი ჩამოართვეს, ჩამოართვეს პოლიტიკური შტაბბინაც, – აღნიშნავს ჟურნალისტი და იქვე მოჰყავს ფრაგმენტი ივანიშვილის ინტერვიუდან, – მათ ჩემი ეშინიათ. ჩემი მეუღლე ამბობს, რომ ჩვენ შევეჩვიეთ იმას, რომ დაცული ვიყავით და რომ ახლა ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა“.
როგორც გამოცემა წერს, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ მოქმედ მთავრობას მოიშორებს, არის იმიჯი, რომელიც რიგით ქართველებში აქვს – ჩუმი ქველმოქმედი.
„მან დააფინანსა თბილისის უდიდესი კათედრალის მშენებლობა, გულუხვად დაუფინანსა „ხელფასები“ ათასობით თუ არა, ასობით კულტურის მოღვაწეს, დაწყებული მსახიობებიდან და ბალერინებით დასრულებული, და ამტკიცებს, რომ ქველმოქმედებაში ყოველთვიურად, საშუალოდ, 10 მილიონ დოლარს ხარჯავს. მის მშობლიურ სოფელში ადგილობრივები ყოველთვიურად საჩუქრად 80 ფუნტს იღებენ, ასევე, საჩუქრად იღებენ 1,200 ფუნტს ქორწინების შემთხვევაში (ქორწილის ხარჯები ცალკე იფარება) და უსასყიდლოდ გარანტირებული აქვთ გარემონტებული სახლები, ან მათი აღდგენა ყველა აუცილებელი ტექნიკისა და ავეჯის ჩათვლით.
მაგრამ ბატონი ივანიშვილი ამბობს, რომ მისი სიმდიდრის ყველაზე დიდი ხიბლი იმაშია, რომ ეს შესაძლებლობას აძლევს, თავისუფალი იყოს მთავრობისგან, რომელიც ასე არ მოსწონს, – ნათქვამია სტატიაში და ამ სიტყვებს მოსდევს მორიგი ფრაგმენტი ივანიშვილის ინტერვიუდან, – რა არის მდიდრული ცხოვრების სტილი? მე მაქვს ვილა ჩემს სოფელში, ვილა სანაპიროზე და აქ. დაკავებული ვარ იოგათი ყოველდღიურად, ცოტა სპორტით, ვიკვებები დღეში ერთხელ, ვჭამ ხილს და ვსვამ დღეში ერთ ჭიქა ღვინოს. თვეში ერთხელ ვკრებ ახლო მეგობრებს. მაგრამ მე და ჩემს მეუღლეს თვალშისაცემი სიმდიდრე არ გვიყვარს“.
მისი თქმით, ეს სასახლე უკანმდებარე მდიდრული ბოტანიკური ბაღების გამო ააშენა, რომელიც სტუდენტობის დროს ძალიან მოსწონდა.
„მიუხედავად მისი მსოფლიო დონის არტკოლექციისა, ბიზნესმენი ხელოვნების განსაკუთრებული მოყვარული არ არის; აგროვებს კოლექციას გუგენჰაიმის ტიპის მუზეუმისთვის, რომლის გახსნაც საქართველოში უნდა, – დასძენს ავტორი და სტატიას ბიზნესმენის სიტყვებით ასრულებს, – ჩემი ფული ნიშნავს იმას, რომ მე აქ მცხოვრები ერთადერთი თავისუფალი ადამიანი ვარ. ისინი მე ვერ მაკონტროლებენ. მე შეიძლება პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ იმისთვის, რისიც მწამს, ცხოვრების ბოლომდე ვიბრძოლებ“.
სტატიის ქართულ ვერსიას „Foreignpress.ge“ ავრცელებს.