პოლიტიკა
ოფიციალურ თბილისს პატრიარქის მოსკოვში ვიზიტის "შეფასება უჭირს"

shefasebaთბილისი, 29 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, 2011 წლის 18-24 ნოემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის პატრიარქ კირილის საიუბილეო დღეებში მონაწილეობდა. საქართველოს პატრიარქმა კირილთან პირისპირ შეხვედრაც გამართა. 
როგორც ილია მეორემ საქართველოში დაბრუნების შემდეგ განაცხადა, მოსკოვში ვიზიტი იყო მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლო ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის. უწმიდესის თქმით, ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დევნილებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევსა და კათოლიკოს-პატრიარქ კირილთან შეხვედრისას ქართულმა მხარემ მეფეების – ვახტანგ მეექვსესა და თეიმურაზ მეორეს, საქართველოში გადმოსვენების საკითხიც დააყენა.

მიუხედავად მხარეებს შორის განხილული საკითხების არცთუ უმნიშვნელო ჩამონათვალისა, საქართველოს საგარეო უწყებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსკოვში ვიზიტის შეფასება უჭირს. როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისიტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, საგარეო უწყება ამ ვიზიტის დაგეგმვასა და ორგანიზებაში არ მონაწილეობდა. „თუ ვინმეს რაიმე წვლილის შეტანა შეუძლია რუსეთ-საქართველოს შორის არსებული კონფლიქტის დარეგულირებაში, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება“, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.

თუმცა მინისტრის მოადგილის თქმით, დღეს არსებული სურათის გათვალისწინებით, რთული იქნება საუბარი რაიმე სახის გარღვევაზე და პოზიტიური წვლილის შეტანაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობის მხრივ.