თბილისი, 29 ნოემბერი, საქინფორმი. კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისათვის“ თავისუფალი პრესის მხარდაჭერის მიზნით მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მერიის ე.წ. 1000 ჯიხურის აუქციონებში მონაწილეობის მსურველ პირებს მოვუწოდებთ: გამოიჩინეთ მოქალაქეობრივი და საზოგადოებრივი პოზიცია და არ მიიღოთ მონაწილეობა აუქციონებში იმ ადგილებზე, სადაც ამჟამად დგას ან ა.წ. 25 ნოემბრამდე იდგა პრესის გავრცელების ჯიხურები. ასეთი სულ 150-მდე ადგილია თბილისში. თქვენი შეგნებული პოზიცია საშუალებას მისცემს იმ პირებს, რომლებიც მრავალი წელია, პრესას ავრცელებენ, მიიღონ მონაწილეობა გამოცხადებულ აუქციონებში და შეინარჩუნონ იგივე ადგილები, სადაც ამჟამად მუშაობენ.ამით თქვენ მხარს დაუჭერთ თავისუფალ პრესას!
აქვე, ვთხოვთ პრესის წარმომადგენლებს, ინფორმაცია, თუ რომელი ლოტი ემთხვევა არსებულ საგაზეთო ჯიხურებს, საკუთარ გამოცემებში გამოაქვეყნონ.
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ზოგიერთმა სახელისუფლო ბიზნესმენმა შესაძლოა, მაინც მიიღოს მონაწილეობა აუქციონებში ზემოთ აღნიშნული ადგილებისთვის ფიზიკური ან იურიდიული პირების სახელით. ამ შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ, ვთხოვოთ საზოგადოებას, რომ იმ კომპანიებს (და მათ პროდუქციას), რომლებიც თავისუფალი სიტყვის ჩახშობაში ხელისუფლებასთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას, სხვადასხვა სახის პროტესტი გამოუცხადოს!
თავისუფალი პრესის მხარდაჭერა ჩვენი უფლების დაცვაცაა – დაუბრკოლებლად და შეზღუდვის გარეშე მივიღოთ ინფორმაცია!
ჩვენ საზოგადოება ვართ!
ჩვენ ვიცავთ ჩვენს უფლებებს!“