პოლიტიკა
თბილისი, 29 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, სამინისტროს საქართველოს საზღვრებზე ტვირთების მონიტორინგთან დაკავშირებით ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შესახებ არ აქვს ოფიციალური ინფორმაცია.
მისი თქმით, უახლოეს ხანებში გაიმართება კონსულტაციები შვეიცარიულ მხარესთან, რომელიც ვალდებულია, ქართულ მხარეს აცნობოს იმის თაობაზე, თუ რა პირობებში ჩატარდა ტენდერი და რომელი კომპანია გამოვლინდა გამარჯვებულად. „მთავარია, რომ ჩვენ ვენდობით შვეიცარიის არჩევანს. შეთანხმების მიხედვით, შვეიცარია ირჩევს შესაბამის კომპანიას და გამოავლენს გამარჯვებულს. ეს კომპანია შვეიცარიული მხარის მიმართ არის ანგარიშვალდებული“, – განმარტა კალანდაძემ.
თუმცა კალანდაძე აღნიშნავს, რომ ნებისმიერი კომპანია, რომელიც გამარჯვებულად გამოვლინდება, შვეიცარიის მიერ გულდასმით იქნება შერჩეული.
რუსული მედიის ინფორმაციით კი, მსო-თან დაკავშირებით საქართველოსა და რუსეთის მოლაპარაკებების საფუძველზე ჩატარდა ტენდერი და გამოვლინდა კოპმანია, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ტვირთბრუნვას საზღვრებზე. იმავე ინფორმაციით, ტენდერში გაიმარჯვა შვეიცარიულმა კომპანია „SGS“-მა, რომელსაც რუსეთში 48 ფილიალი აქვს.