სამართალი
პრესის ასოციაცია საზოგადოებას, ხელისუფლებასა და დიპკორპუსს მიმართავს

Copy-of-mimartvaთბილისი, 28 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრესის ასოციაცია საზოგადოების, ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ყველა დაინტერესებული პირის მისამართით მიმართვას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ, ქართული მედიის წარმომადგენლები, მივიჩნევთ, რომ თბილისის მერიის პროექტს სათაურით „მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა“, სინამდვილეში არაფერი აქვს საერთო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნასთან.

ის მიმართულია ბეჭდური მედიის გავრცელების არსებული სისტემის ნგრევისკენ და რეალურ საფრთხეს უქმნის თავისუფალ სიტყვას. გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ბოლო წლებში ხელისუფლება არაერთხელ შეეცადა თავისუფალი პრესის კონტროლქვეშ მოქცევას. აუქციონების გამართვის საბაბით, ამ დღეებში იძულებით შეაწყვეტინეს საქმიანობა არსებული საგაზეთო ჯიხურების ნაწილს. თბილისის მერიის ბოლო ნაბიჯები უკვე დაეტყო ქართული ბეჭდური მედიის ტირაჟებს.

ყოველივე ეს სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უქმნის ჟურნალ-გაზეთებს და აფერხებს თავისუფალი სიტყვის მიღწევას საზოგადოებამდე. ჩვენ ამ ნაბიჯებს განვიხილავთ ქვეყნის განვითარების, საზოგადოების ინტერესების, მედიისა და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ გადაწყვეტილებებად. ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერნი, მოვუწოდებთ და მოვითხოვთ თბილისის მერიისგან ბეჭდვითი მედიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების შეჩერებას.

მოვითხოვთ, რომ ეს ე.წ. ჯანსაღი კონკურენციის საფარქვეშ მოქმედი აუქციონი არ შეეხოს იმ ჯიხურებს, სადაც უკვე წლების განმავლობაში ტრადიციულად იყიდება პრესა და, შესაბამისად, თბილისში დარჩეს თავისუფლების კუნძულები, სადაც მოქალაქეს შეეძლება ინფორმაციის მიღება და საკუთარი აზრის გამოტანა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე“, – ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვას ხელს აწერს საქართველოს პრესის ასოციაცია, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, „ალია“, „ასავალ-დასავალი“, „არსენალი“, „ახალი ვერსია“, „ახალი თაობა“, „А и Ф“, „ბომონდი“, „გზა“,  „Georgian Journal“, „გუმბათი“, „და ქალი“, „ერუდიტი“, „თბილისელები“, ‘ისტორიანი“, „კარუსელი“, „კვირის პალიტრა“, „ლელო“, „ლიტერატურული პალიტრა“, „მესინჯერი“, „მკურნალი“, „მსოფლიო სპორტი“, „ოლიმპი“, „რეზონანსი“, „რეიტინგი“, „სარკე“, „საერთო გაზეთი“, „სიტყვა და საქმე“, „საქართველოს რესპუბლიკა“, „საქართველო და მსოფლიო“, „ყველა სიახლე“, ტვ „ინფოზავრი“, „ქართული სიტყვა“, „ქრონიკა“, „ლიბერალი“, „media.ge“.