სამართალი
ელისო ჩაფიძე გიგა ბოკერიას მეუღლეს სასამართლოში უჩივლებს

dapirispirebaთბილისი, 28 ნოემბერი, საქინფორმი. „რეზონანსის“ რედაქტორი ელისო ჩაფიძე ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორ თამარ ჩერგოლეიშვილს აღმსარებლობის უფლების დარღვევაში ადანაშაულებს და დახმარებისთვის სახალხო დამცველს მიმართავს, შემდეგ – სასამართლოს.

დაპირისპირება ელისო ჩაფიძესა და ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორს შორის „ფეისბუქში“  დაიწყო თბილისის მერიის ახალი ინიციატივის საკითხზე, რომელიც დედაქალაქში ახალი ჯიხურების განთავსებას ითვალისწინებს.

„და რატომ ცოცხის გამყიდველისთვის არ უნდა დაწესდეს შეღავათი?  რატომ პრესა და არა ფუნთუშები?“ – ეს კითხვები უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას მეუღლემ თბილისის საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატიული“ ფრაქციის დეპუტატ ზაზა გაბუნიას „ფეისბუქის“ კედელზე დაწერა. მან „ფუნთუშებისა“ და „ცოცხის გამყიდველის“ მაგალითების მოხმობით ის ინიციატივა გააკრიტიკა, რომლის თანახმადაც, ზაზა გაბუნია პრესის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, თბილისში 100 ჯიხურის აუქციონის გარეშე გადაცემას მოითხოვდა.

ელისო ჩაფიძე  ჩერგოლეიშვილის კომენტარს ასე გამოეხმაურა: „ყოჩაღ ხელისუფლებას და მათ ცოლებს... მაგარი ლოგიკა გაქვთ... დიდი ცოცხი კი გვჭირდება თქვენთვის. ისე, ჩვენ შეღავათებს არ ვითხოვთ. ჩვენ არ გვინდა, რომ ბოკერია-უტიაშვილის ცოლების იმედზე დარჩეს ქართული მედია“.

ჩერგოლეიშვილმა კი პასუხად ასეთი კომენტარი დაწერა: „რაც შეეხება ვინმე ჩაფიძეს – მე არ ვთვლი, რომ ქსენოფობიური გაზეთის რედაქტორთან პოლემიკას რაიმე აზრი აქვს. თქვენ პეტრე პავლობის მარხვაში რელიგიური უმცირესობებისთვის სტატუსის მინიჭებაც არ გსურდათ :D მერე რა ... :D“

„რეზონანსის“ რედაქტორი მიიჩნევს, რომ ბოკერიას მეუღლემ მისი, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანის, რელიგიური აღმსარებლობის უფლება დაარღვია. რეაგირებისთვის ის  სასამართლომდე სახალხო დამცველს მიმართავს.

„მტკიცებულებები არის როგორც „ფეისბუქზე“, ასევე სხვა სახით. არსებობენ ცოცხალი მოწმეებიც. მადლობა სახალხო დამცველს, ის უკვე დაინტერესდა ზეწოლის ამ ფაქტით. ვენდობი გიორგი ტუღუშს და შემაქვს ორშაბათს განცხადება მის უწყებაში – დამიცვას, როგორც ჟურნალისტი, მოქალაქე, დაიცვას ჩემი გამოხატვის თავისუფლება და, ასევე, მაინტერესებს, მართლმადიდებელი ადამიანის უფლებებს თუ ვინმე იცავს ამ ქვეყანაში, როცა ის მშვიდობიანი ფორმით და წერილობით გამოთქვამს თავის მოსაზრებებს... ვნახოთ... მე ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი. დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო პრეცედენტს შევქმნი და ბოლოს მოვუღებ ამ ადამიანების ძალადობას ადამიანების მენტალიტეტზე“, – განმარტავს ელისო ჩაფიძე.