თბილისი, 28 ნოემბერი, საქინფორმი. სახალხო დამცველი საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიწყოს წინასწარი გამოძიება მსჯავრდებულ მურმან კალანდიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და განიხილოს ზუგდიდის N4 და ქუთაისის N2 დაწესებულებების თანამშრომელთა პასუხისმგებლობის საკითხი.
შეგახსენებთ, პატიმარი მურმან კალანდია 2011 წლის 31 ოქტომბერს ქუთაისის N2 დაწესებულებაში გარდაიცვალა. კალანდიას დის განცხადებით, რომელმაც 3 ნოემბერს მიმართა ომბუდსმენს, მსჯავრდებულს აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები.16 ნოემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმ მსჯავრდებულებს გაესაუბრნენ, რომელთა ეტაპირებაც მოხდა კალანდიასთან ერთად ზუგდიდის N4 დაწესებულებიდან ქუთაისის N2 დაწესებულებაში. მათი თქმით, ეტაპირების დროს კალანდია თავს შეუძლოდ გრძნობდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ის ქუთაისის N2 დაწესებულებაში მოათავსეს F-107 საკანში, ე.წ. ბოქსში. ერთ-ერთი მსჯავრდებულის თქმით, რომელიც ამავე ბოქსში იმყოფებოდა, კალანდია იყო ძალიან ცუდად, თუმცა დაწესებულების ექიმმა მას მისცა მხოლოდ ვალიდოლი. ამავე მსჯავრდებულის თქმით, მან კვლავ მიმართა ექიმს და უთხრა, რომ მურმან კალანდია იყო უგონოდ და ესაჭიროებოდა დახმარება, რაზეც ექიმმა „რჩევა“ მისცა – „გაულაწუნე და გამოფხიზლდებაო“. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ კალანდია ამის შემდეგ ცოტა ხანში გარდაიცვალა.
„ზემოთ აღწერილი ფაქტები ცხადყოფს ავადმყოფი პატიმრისადმი დანაშაულებრივ გულგრილობას ზუგდიდის N4 და ქუთაისის N2 დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის და, ზოგადად, ადმინისტრაციის მხრიდან“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
განცხადებაში გიორგი ტუღუში, ასევე, აღნიშნავს, რომ „უმძიმესი ავადმყოფი ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურეს გაუარესებამდე ზუგდიდის N4 დაწესებულების პირობებში იმყოფებოდა, რომელიც ჯანმრთელი პატიმრების განთავსებისთვისაც კი არ არის ადაპტირებული. ტრანსპორტირებისას საჭიროდ არ იქნა მიჩნეული მძიმე ავადმყოფის სასწრაფო დახმარების მანქანით გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში. ამის მაგივრად, მ. კალანდია საბადრაგო ტრანსპორტით იქნა გადაყვანილი N2 დაწესებულებაში, სადაც, ასევე, არ იქნა ადეკვატურად შეფასებული მსჯავრდებულის მდგომარეობა და იგი განათავსეს არა სამედიცინო ნაწილში, არამედ „ბოქსში“, სადაც, ზოგადად, არაადამიანური პირობებია, მით უმეტეს, მ. კალანდიას მდგომარეობაში მყოფი პირისთვის „ბოქსის“ პირობებში ყოფნა აბსოლუტურად დაუშვებელია“, – ნათქვამია გიორგი ტუღუშის განცხადებაში.