პოლიტიკა
ჯიოევა ბიბილოვს მოუწოდებს არჩევნებში თავისი დამარცხება აღიაროს

jioeva

თბილისი, 28 ნოემბერი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ალა ჯიოევა თავის კონკურენტ ანატოლი ბიბილოვს მოუწოდებს, არჩევნებში თავისი დამარცხება აღიაროს.

„მოვუწოდებ ანატოლი ბიბილოვს, აღიაროს თავისი დამარცხება. გაიმარჯვა ღირსეულთა შორის ღირსეულმა“, – განაცხადა ჯიოევამ ორშაბათს ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების შემდეგ.

ჯიოევას ნდობით აღჭურვილი პირი ანატოლი ბარანკევიჩი აცხადებს, რომ ალა ჯიოევა თავის მოწინააღმდეგეს საარჩევნო უბნების ოქმების 100 % -ის დამუშავების შემდეგ 5350 ხმით უსწრებს.

„ყველა ოქმზე თავად ანატოლი ბიბილოვის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელთა ხელმოწერები და ბეჭდებია და ამ ციფრების უარყოფა შეუძლებელია“, – აცხადებს ბარანკევიჩი.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, იმის გათვალისწინებით, რომ დამუშავებულია ბიულეტენების 50.59%, ე.წ. არჩევნების მეორე ტურში ალა ჯიოევას ხმა ამომრჩეველთა 51, 3%-მა მისცა, ანატოლი ბიბილოვს კი – 46,21 %-მა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი ოფიციალური შედეგების გამოცხადება სასამართლოში შესული სარჩელის გამო ერთი დღით გადაიდო.