რელიგია
შობის მარხვა დაიწყო

shobis-marxvaთბილისი, 28 ნოემბერი, საქინფორმი. დღეიდან შობის მარხვა იწყება. საეკლესიო კალენდრის მიხედვით, შობის მარხვა წლის უკანასკნელი მრავალდღიანი მარხვაა. იგი ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს – იწყება 15 ნოემბერს ძველი სტილით (ახალი სტილით – 28 ნოემბერს) და 25 დეკემბრამდე (ახალი სტილით – 7 იანვრამდე) გრძელდება. საეკლესიო ტრადიციით, ამ მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ (ძვ. სტ. 14, ახლით – 27 ნოემბერი).

შობის მარხვა დიდმარხვასთან შედარებით მსუბუქია. მას ვიცავთ ისე, როგორც მოციქულთა მარხვას. ამ მარხვათა დროს, როგორც წესი, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, თვით ბერ-მონაზვნებისთვისაც კი დაშვებული იყო თევზის, ზეთისა და ღვინის ზომიერად მიღება. საზოგადოდ კი, ისევ უნდა შევნიშნოთ: მარხვის სიმკაცრე და სიმსუბუქე ყოველთვის დამოკიდებული იყო (და ასეა დღესაც) მწყემსმთავრის ლოცვა-კურთხევაზე.

საშობაო მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისადმი მომზადების პერიოდია. ლეონ დიდი წერს: „მარხვის შენახვა წელიწადის ოთხივე დროში გვიხდება, რათა მთელი წლის განმავლობაში ვაცნობიერებდეთ, რომ განუწყვეტლივ ვსაჭიროებთ განწმენდას; რათა ჩვენს დაუდევარ ცხოვრებაში ყოველთვის ვცდილობდეთ, მარხვითა და მოწყალების გაღებით შევმუსროთ ცოდვა, რომელიც მრავლდება ხორცის უძლურებითა და უწმინდური ზრახვებით“.

ლეონ დიდის სიტყვებით, საშობაო მარხვა არის უფლისადმი გაღებული მსხვერპლი წლის განმავლობაში მოწეული ნაყოფისათვის. „როგორც უფალმა უხვად მოგვმადლა მიწიერი ნაყოფი, – წერს წმიდანი, – ასევე ამ მარხვის განმავლობაში ჩვენც გულუხვნი და მოწყალენი უნდა ვიყოთ გლახაკთა მიმართ“.

ეკლესიის ისტორიას შობის მარხვის შესახებ ცნობები IV საუკუნეშივე მოეპოვება. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ცნობას ვხვდებით XIV საუკუნემდე, უფრო ზუსტად, სვიმეონ თესალონიკელამდე. უფრო ადრე (XII საუკუნეში) ფრიად საინტერესოდ და დაწვრილებით მოგვითხრობენ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბალსამონი და ერთ-ერთი იმდროინდელი საეკლესიო კრება, XI საუკუნეში – ანასტასი სინელი და ისააკ კათალიკოსი. საინტერესო ცნობებია დაცული X საუკუნის საეკლესიო კრების ოქმებში, რომელიც იმპერატორ კონსტანტინესა და რომანოზ უფროსად წოდებულის დროს იქნა მოწვეული. ცნობებს ვხვდებით ნიკიფორე პატრიარქის კანონებში (IX ს.), საბა განწმენდილისა (V ს.) და ლეონ რომის პაპის (V ს.) ნაწერებში, 570 წლის ტურის II კრების ოქმებში, ნეტარ ავგუსტინესთან.

ყველა ეს ცნობა გვაუწყებს, რომ შობის მარხვა, ისევე, როგორც სხვები, უძველესი დროიდან მომდინარეობს (ჯერ კიდევ IV საუკუნის მოღვაწე ფილასტრი წერს, რომ მაცხოვრის შობის წინ აუცილებლად უნდა ვიმარხულოთ) და გვიჩვენებს, რაოდენ ღრმად უდევს ფესვები მარხვის საეკლესიო ტრადიციას.