თბილისი, 28 ნოემბერი, საქინფორმი. ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა ბიძინა ივანიშვილმა გასულ კვირას საკუთარ რეზიდენციაში „The Telegraph“-ისა და სხვა უცხოური გამოცემების წარმომადგენლებს უმასპინძლა. „The Telegraph“ -თან საუბრისას ბიზნესმენი სამომავლო გეგმებს ეხება და აღნიშნავს, რომ მას გაპრემიერება სურს, თუმცა – მხოლოდ ორი წლით.
„The Telegraph“ -ის სტატიაში, რომლის ქართულ თარგმანსაც „foreignpress.ge“ ავრცელებს, ნათქვამია: „ივანიშვილს სჯერა, რომ მომავალ წელს ის და მისი მოკავშირეები საპარლამენტო არჩევნებში იოლად გაიმარჯვებენ, და რომ ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდება – თანამდებობა, რომელიც პრეზიდენტის პოზიციაზე მეტი უფლებმოსილებით იქნება აღჭურვილი“.„მე მინდა, გავხდე პრემიერ-მინისტრი, ვიმუშაო ორი წელი და შემდეგ წავიდე და თავი მივუძღვნა საზოგადოებრივ საქმიანობას“, – აცხადებს ივანიშვილი და იქვე აღნიშნავს, რომ „პოლიტიკა არასდროს უყვარდა, მაგრამ ის ერთადერთი ფიგურაა, რომელსაც ახლა ხალხი ენდობა“.
„პრივატულობა დღემდე ჩემი ცხოვრების გზა იყო. მაგრამ თავი ვალდებულად ჩავთვალე, უარი მეთქვა პრივატულ ცხოვრებაზე, რათა გადამერჩინა ჩემი მშობლიური საქართველო მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მცოცავი დიქტატურისგან. გულწრფელად რომ გითხრათ, არჩევანიც არ მქონდა“, – დასძენს ბიზნესმენი და მისი ინტონაცია მძაფრდება – „საქმე ქვეყანას ეხებოდა“.
„მათ მოკლეს დემოკრატია, თავიდან მოიშორეს მედია და განსხვავებულ აზრს გასაქანს არ აძლევენ. ეს კლასიკური ავტორიტარული მთავრობაა და არსებობს ნიშნები იმისა, რომ ის დიქტატურად გადიქცეს“, – აღნიშნავს ივანიშვილი.