პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: «Тётя Света из Нью-Йорка…» (ეძღვნება ჩვენს ემიგრანტებს)

Copy-sveta- Таня, кто такая тётя Нина из Тбилиси, не знаешь?
- Нет.
- И я не знаю...
(კინოფილმიდან „მიმინო“)

ეს გახლდათ ტრადიციული თბილისური ოჯახი, ახლა უკვე ძალზე ცოტა რომ დარჩა... მათ სახლში სოლოლაკში, ენგელსის ქუჩაზე, მე-19 საუკუნეში ლეგენდარული ინჟინრები და გამომგონებლები – ძმები ვალტერ და ოტო სიმენსები ცხოვრობდნენ, რომლებმაც თბილისში ფირმა „სიმენსის“ წარმომადგენლობა დააარსეს. დიახ – დიახ, სწორედ იმ საყოველთაოდ ცნობილი „Telegraphen-Bauanstalt Siemens & Halske-სი, რომელიც აქ იმ დროისათვის მოწინავე ტექნოლოგიებს ნერგავდა: გაიყვანა ამიერკავკასიაში პირველი ტელეგრაფის ხაზი – თბილისიდან კოჯრამდე, სადაც კავკასიაში მისი საიმპერატორო უდიდებულესობის ნაცვალის რეზიდენცია იყო განლაგებული, აგრეთვე 10.000 კმ სიგრძის ინგლისურ-ინდური სატელეგრაფო ხაზი, რამაც კავკასია მსოფლიო სატელეგრაფო სისტემის ერთ-ერთ საკვანძო ცენტრად აქცია და მის მიმართ ევროპის წამყვანი სახელმწიფოების ინტერესი გააძლიერა.

თუმცა მოდი, ჩვენს თბილისურ ოჯახს დავუბრუნდეთ, რომელიც ურიგოდ არ ცხოვრობდა, იმიტომ, რომ ყველა მუშაობდა და ნიჭიერიც იყო, თანაც თითოეული – თავისებურად: გრიშა ძია – ფოტოგრაფიის მეტრი, სვეტა დეიდა ზღაპრულ, მთელ თბილისში სახელგანთქმულ ტორტებს აცხობდა, და მათი ვაჟები –  ალიკა და ვადიკი, რომელთაც მოკრძალებული წვლილი შეიტანეს საქართველოში პირველი თანამგზავრული ანტენებისა და სხვა თანამედროვე ტელესაკომუნიკაციო სისტემების წარმატებით დანერგვაში.

(როგორც ჩანს, ძმები სიმენსების სახლის აურა, რომელზეც 1998 წელს მემორიალური დაფა გაიხსნა, ამ საზრიან ყმაწვილებს გადაეცა, და მარქსიზმ-ლენინიზმის თეორიის უარმყოფელი ეს სასწაული მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის ფრიდრიხ ენგელსის სახელობის ქუჩაზე მოხდა! მოდი და ამის შემდეგ შემთხვევითობათა არაშემთხვევითობას ნუ ირწმუნებ...) 

სწორედ ვაჟიშვილების წყალობით, რომლებიც უცხოელ მენეჯერთა მხედველობის არეში მოხვდნენ, ეს ტრადიციული თბილისური ოჯახი – მაშინ, როდესაც თბილისში მეტისმეტმა სიბნელემ და სიბრიყვემ დაისადგურა – საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა... 

ღამეული ზარები არ მიყვარს, რადგან მათგან კარგს არაფერს მოველი... როგორც წესი, ისინი უსიამოვნებებმაუწყებელია - დახმარებას ითხოვენ ადამიანები, რომლებსაც სიკვდილამდე აწყენინეს, ანდა სიკვდილის ამბავს შეიტყობ იმას, რომ ამქვეყნად კიდევ ერთი ადამიანით დამარტოვდი... 

თუმცა გუშინდელი ღამეული ზარი ბედნიერი გამონაკლისი აღმოჩნდა – როგორ ფიქრობთ, ვინ დარეკა?! დიახ-დიახ, სვეტა დეიდამ ნიუ-იორკიდან! მაშინვე ვიცანი ჩემთვის ბავშვობიდან საყვარელი ადამიანის ენერგიული ხმა: აქ ყველამ ისე ვინერვიულეთ! – ამერიკულად მაშინვე საქმეზე გადავიდა იგი, – ვხედავთ, საქინფორმი არ მუშაობს, საიტი გამორთულია, და ვიფიქრეთ მორჩა, საქართველოში ისევ რევოლუციაა, თუ რა დაგემართათ! – მესმოდა ყურმილში სვეტა დეიდას ხმამაღალი მონოლოგი. 

(როგორც უკვე იცით, საქინფორმის ძვირფასო მკითხველებო საქართველოდან და რუსეთიდან, ახლო საზღვარგარეთიდან და აშშ-დან, მათ, ვინც გვირეკავდა ამ ბოლო დღეებში და მათ, ვინც ეს არ გაკეთებია ჩვენი საიტი www.saqinform.ge 25 და 26 ნოემბერს არ ფუნქციონირებდა არა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის მიზეზით, არამედ პროფილაქტიკურ-ტექნიკური სამუშაოების გამო, რომელთა ჩატარების აუცილებლობა იმდენად სასწრაფოდ წარმოიშვა, რომ წინასწარ თქვენი გაფრთხილებაც კი ვერ მოვასწარით, რისთვისაც საქინფორმის რედაქციამ ბოდიში მოგიხადათ!)

მერე სვეტა დეიდამ დაიწყო მოყოლა, როგორ ურეკავდნენ ისინი ერთმანეთს – ჩვენი საყვარელი თანამემამულეები „ნიუ-არკიდან“ (როგორც თვითონ წარმოთქვამენ!) და ვაშინგტონიდან – იმ უზარმაზარი ამერიკის ქალაქებიდან, რომელიც 8 წლის წინათ ჩვენთვის ჯაზის, ჯინსებისა და მდიდრული ავტომობილების სამშობლოდან მოულოდნელად ყოველთა ქართველთა სამშობლოდ გადაიქცა, რომელსაც სიკვდილამდე  უნდა მიჰბაძო...

(მართლაც, აბა, ვინ წარმოიდგენდა სულ ცოტა ხნის წინათაც კი, რომ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც რიცხოვნობით ნიუ-იორკის მხოლოდ ერთი რაიონის მცხოვრებ უტოლდებიან, აშშ-ს ინტერესებს ერაყსა და ავღანეთში  დაიცავდნენ?!)

ისევ „გადავუხვიე“...  მაშ ასე, მთელი დღის განმავლობაში საქინფორმის საიტზე შესვლის წარუმატებელმა მცდელობებმა  ქართველი ემიგრანტები სერიოზულად ააფორიაქა, მაგრამ ამასობაში ჩვენმა საიტმა ფუნქციონირება განაახლა ჩვენი ძვირფასი მკითხველების სასიხარულოდ – აშშ-დან, საქართველოდან და რუსეთიდან, ახლო თუ შორეული საზღვარგარეთიდან, მათი, ვინც დაგვირეკა და მათი, ვინც ეს არ გაუკეთებია....

თუმცა  საზღვარგარეთული ზარები მაინც არ წყდებოდა – რეკავდნენ თბილისში ოდესღაც ცნობილი და არც ისე ცნობილი ადამიანები, ხშირად ყურმილის გადაცემა მშობლებისთვის მიწევდა, და კიდევ დიდხანს გრძელდებოდა ძვირფასი საუბარი ჩვენთვის ძვირფას ადამიანებთან, ძვირი საქალაქთაშორისო ტარიფის მიუხედავად...

«Эта ночь для меня – вне закона!» - ანაზდად ვისოცკი გამახსენდა და მივხვდი, რომ არ არსებობს ჩვენს ადამიანებზე უფრო ძვირი „ტარიფები“, თუნდაც ისინი სამგზის ამერიკელები იყვნენ! ჩვენ ხომ სამშობლო ერთი გვაქვს – საქართველო, რომლის ცხოვრებითაც ცხოვრობენ დღემდე, რაშიც მათ საქინფორმი ეხმარება. და მე მივხვდი, რომ მთელ ჩვენს შეკრულ ჟურნალისტურ კოლექტივს, რომელმაც საქინფორმი აღადგინა, მთელი ეს ხანი ფუჭად არ უშრომია და რომ ტექნიკურმა მიზეზებმა, რომლებმაც საიტის მუშაობაში დასანანი შეფერხება გამოიწვია, გვაჩვენა – როგორ ვუყვარვართ მკითხველს მისი ქვეყნის მიუხედავად!

ხოლო თუ არ გჯერათ შეგიძლიათ შეამოწმოთ: ღამეულ ზარს, თანაც ნიუ-იორკიდან, და თანაც საქინფორმის მთავარ რედაქტორთან, უეჭველად დააფიქსირებდნენ ჩვენს მშობლიურ შსს-სა და მრავალ სპეცსამსახურში...

P.S. დასაწყისში, ვგონებ, ამიერკავკასიაში ტელეგრაფის „მამები“ – ძმები სიმენსები ვახსენე?! არადა, საქართველოში პირველი საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმიც“  ხომ 1921 წელს, როგორც რუსეთის სატელეგრაფო სააგენტოს საერთოკავკასიური სამმართველოს განყოფილება, დაარსდა, რომელიც შემდგომ ჯერ ამიერკავკასიის სატელეგრაფო სააგენტოდ, მერე კი საქართველოს სატელეგრაფო სააგენტოდ (ГрузТАГ) გადაკეთდა და იგი საბჭოთა კავშირის სატელეგრაფო სააგენტოს (ТАСС) საკავშირო და უცხოეთის სამსახურის შემადგენლობაში შედიოდა.

2006 წლის 10 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საქინფორმი თბილისის ცენტრში მდებარე მის კუთვნილ შენობასთან ერთად აუქციონზე 5 მილიონ 50 ათას დოლარად ინკოგნიტო პირებზე გაყიდა. და ზუსტად ოთხი წლის შემდეგ – 2010 წლის 10 აგვისტოს – დამოუკიდებელ ჟურნალისტთა კოლექტივმა საქინფორმი აღადგინა!

მოდი და ამის შემდეგ „შემთხვევითობათა“ არაშემთხვევითობას ნუ ირწმუნებ...

 

საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი
თბილისი, 2011 წლის 27-28 ნოემბრის ღამე