თბილისი, 27 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობის“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, მოძრაობა საკუთარ ვებგვერდზე რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე ინტერაქტიური გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს პრეზიდენტ სააკაშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.
„თეთრების“ ინფორმაციით, დღეისათვის 6310-ზე მეტმა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა გამოკითხვაში. 83% , ანუ 5 208 მხარს უჭერს სააკაშვილის იმპიჩმენტს, 14% , ანუ 900 რესპონდენტი წინააღმდეგია, ხოლო 3% -ს ჯერ არ გადაუწყვეტია.„ხაზგასასმელია ერთი გარემოება, რომ მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, თითქმის 10%-ით გაიზარდა იმპიჩმენტის მომხრეთა რაოდენობა სატელეფონო და ქუჩაში გამოკითხულთა შორის. სატელეფონო გამოკითხვის დროს იმპიჩმენტის მომხრეთა რაოდენობა შეადგენს 90%-ს (წინააღმდეგი მხოლოდ 2%-ია) და ქუჩაში გამოკითხულთა რაოდენობა 95%-ზე მეტია (წინააღმდეგი თითქმის არ არის), 4-5% თავს არიდებს პასუხს. აშკარაა, რომ ბოლო პერიოდის პოლიტიკურ მოვლენებს მოჰყვა ადამიანებში შიშის დაძლევა“, – ნათქვამია ანგარიშში.
პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, „ღირსების ულტიმატუმითა“ და „მხილების მუზეუმით“ დაწყებული და პრეზიდენტ სააკაშვილისათვის გაგზავნილი წერილით, უცხოელ ექსპერტთა მონაწილეობით შედგენილი „პრეზიდენტის უნდობლობის ვერდიქტით“ დამთავრებული, განთავსებულია თეთრების ვებგვერდზე.