საზოგადოება
გურამ კაშია: „მოედანზე საქართველოსთვის გავდივარ“

kashia1გურამ კაშია ჰოლანდიურ „ვიტესში“, რომლის მფლობელიც ქართველი მერაბ ჟორდანიაა, გასული წლის სექტემბერში ჩაირიცხა, რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა და „ვიტესი“ დაბალ ლიგაში დაქვეითებისგან სხვა ფეხბურთელებთან ერთად იხსნა. წელს განსხვავებული სეზონია. ქართველმა ჰოლანდიური კლუბის კაპიტნის სამკლაური მოირგო და 12 ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზე იმყოფება.
საქინფორმი გურამ კაშიას ესაუბრა:
მეორე სეზონია, ჰოლანდიაში თამაშობთ. გასულ სეზონში გუნდი ძლივს გადაურჩა გავარდნას, წელს კი მეოთხე ადგილზე ხართ. შემთხვევითობაა, „აიაქსსადაფეინოორდსრომ უსწრებთ დღეს ცხრილში?
– ჯერ დასაწყისია და რთულია ამაზე ლაპარაკი. სეზონის ბოლოს „აიაქსზე“ წინ ვიქნებით თუ არა, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. მწვრთნელი შეიცვალა, ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ, საკმარისი დრო გვქონდა მოსამზადებლად. კარგად გამოვიყურებით. როგორ გაგრძელდება არ ვიცი, მაგრამ შენარჩუნებაზე ვიზრუნებთ. პირველ ადგილზე გასულ ალკმაარს“ 10 ქულით ჩამორჩებით, ამ ჰანდიკაპის აღმოფხვრის იმედი თუ გაქვთ და ჩემპიონობაზეც ხომ არ ფიქრობთ?
– არა, ეს ძალიან რთულია, მითუმეტეს, ისეთ გრანდებთან ბრძოლა, როგორიც „აიაქსი“, „ეინდჰოვენი“, „ალკმაარი“ და ა.შ. არიან. ჩემპიონობაზე ამ სეზონში ნამდვილად არ ვფიქრობთ. ევროპის თასებზე მოხვედრა იდეალური ვარიანტი იქნებოდა. ევროთასების საგზურის მოპოვებაა ჩვენი მიზანი. ერთ-ორ წელიწადში უკვე შეიძლება ჩემპიონობაზე ფიქრი.
ანუ იდეალური შედეგი ამ სეზონზე ევროსაგზურის მოპოვება იქნება?
– რა თქმა უნდა, ევროთასებზე მოხვედრა ჩვენი მიზანია და ამისთვის ვიბრძოლებთ.
წელს გუნდის კაპიტნად აგირჩიეს. რას ნიშნავს ეს თქვენთვის და იმანაც ხომ არ განაპირობა, რომ კლუბის პრეზიდენტი ქართველია?
– არანაირი პრივილეგია არ მაქვს მერაბისგან. რაკი ქართველი ვარ და პრეზიდენტიც ქართველია, ამაზე საუბარიც კი არ ღირს. მწვრთნელის საქმეში კლუბში ვერავინ ერევა. ეს არც აინტერესებთ. ყველა თავის საქმეს აკეთებს. დაინახა მთავარმა მწვრთნელმა ჩემში რაღაც, კაპიტნობასაც თავისი თვისებები უნდა. მისი ინიციატივა იყო, ბიჭებთანაც ისაუბრა და გადაწყდა. კარგად მიდის ყველაფერი. ვართმევ თავს ამ დავალებას და ყველა კმაყოფილია.
ხშირად ამბობდით – საქართველოში კაპიტნობას ფასი არ აქვს, მოედანზე მსაჯთან საუბარი შეუძლებელიაო. ჰოლანდიაში რა პრივილეგიას განიჭებ კაპიტნობა?
– კი, რა თქმა უნდა, ასე იყო. საქართველოში რთულია, თუნდაც, კომუნიკაცია პრეზიდენტთან, მწვრთნელთან, ყველასთან. ჩემი აზრით, როდესაც ლენტა გიკეთია, სამკლაური, ფეხბურთელებიც სხვაგვარად იქცევიან, შენ სიტყვას პატივს სცემენ. თუ უკმაყოფილო ხარ, უნდა თქვა ყველაფერი, დაელაპარაკო, მიიტანო მწვრთნელთან. მოედანზე მსაჯი და ფეხბურთელი ერთმანეთს პატივს სცემენ. არ მინდა, ცუდი ვთქვა ქართველ მსაჯებზე და ჩემპიონატზე, მაგრამ სულ სხვადასხვა რამ ხდება. რაც მე ჰოლანდიაში ვნახე, გაოცებული ვარ და კარგი იქნება, თუ საქართველოშიც შეიცვლება. წარმოუდგენელია, რომ მსაჯისთვის რამის თქმა გინდოდეს და არ უთხრა. უშეცდომო არავინაა. როგორც შენ უსმენ მსაჯს, ისე უნდა მოგისმინოს მანაც. იმედია, რომ მეტი კომუნიკაცია დამყარდება საქართველოშიც, წინ წავალთ და ბევრი რამ შეიცვლება.
რამდენიმე ტურის წინვიტესმაარნემული დერბი გიორგი ჭანტურიას გოლით მოიგო, მაგრამ ამავე შეხვედრაში ის გააძევეს. აძლევ მას რჩევებს, რომ მოედანზე უფრო მშვიდი და გაწონასწორებული იყოს?
– ეს დერბი დაახლოებით ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორც საქართველოში „დინამოსა“ და „ტორპედოს“ დაპირისპირება. აქაურებისთვის ეს თამაში ძალიან ბევრს ნიშნავს. ერთი თვით ადრე იწყება მზადება. გარეთ ვერ გახვალ, ზოგიერთი გულშემატკივარი ისე ემოციურადაა განწყობილი. გიორგი ჯერ პატარაა და ემოცურია. მაგ ასაკში მეც ემოციური ვიყავი, თუმცა ასე ძალიან – არა. გიორგი ცხოვრებაშიც ასეთია. შენიშვნებს ვერიდები, მაგრამ როცა საჭიროა, ვეუბნები, რჩევებსაც ვაძლევ. ყველა თავუსებურად გამოხატავს ემოციას, წითელი ბარათის შემდეგ ვილაპარაკეთ. ნერვებს მოვთოკავო – დამპირდა. საერთოდ, შეცდომებზე უნდა ისწავლო და გიორგიც ცდილობს. ჩემგან ბევრს იგებს და სწავლობს, ხვდება, რას ვითხოვ მისგან. ნიჭიერია, გამოადგება საქართველოს, ყველგან მიდის, ახალგაზრდულშიც, 19-წლამდელებშიც. ფეხბურთი ემოციური სპორტია და თუ ფეხბურთელს ემოცია არ აქვს, ის ფეხბურთელი არ არის. ყველა ემოციას გაგება, ახსნა და დალაპარაკება სჭირდება.
ბოლო პერიოდში თემურ ქეცბაია ნაკრებში სისტემატურად გიძახებ. ხშირად გვესმის ნაკრების თავკაცისგან, რომ ფეხბურთელები არ ჰყავს ნაკრებს. მართლა არ გვყავს იმ დონის ფეხბურთელები, მალტასა და ლატვიას რომ მოუგოს?
– ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელები არ ვართ, საკუთარ თავსაც ვათვლი. ყველა საშუალო დონის ევროპულ გუნდში ვთამაშობთ. საშუალო დონეში იმას ვგულისხმობ, რომ მალტის ნაკრებს მართლა უნდა ვუგებდეთ. იმ თამაშის შემდეგ იმედგაცრუებული ვიყავი. ჩემთვის დიდი სირცხვილი იყო, რომ ვერ მოვიგეთ. თუმცა ახლა ისეთი დროა, ყველა ნაკრებმა ისწავლა დაცვაში კარგად თამაში და მეტ-ნაკლებად ყველა ნაკრები თამაშობს მაღალი დონის ფეხბურთს.

ქვეყნის ნაკრებში როდესაც თამაშობ, ე.ი. უკვე იცი ფეხბურთელი და მოედანზე გასაგებია შენი დავალება. ეს პერიოდი საქართველოს ნაკრებს ჩავარდნა აქვს, ფეხბურთელებს ეძებენ. მეც ახლა ავიდგი ფეხი და სისტემატურად დავიწყე თამაში ამ ნაკრებში. თემურს უნდა კარგი გუნდის ჩამოყალიბება, ამისთვის ყველა ყველაფერს აკეთებს. როდესაც ნაკრებში ჩამოვდივარ, იმის ინტერესი არ მაქვს, რომ ფული ვიშოვნო, მოედანზე საქართველოს ნაკრებისთვის გავდივარ. ბევრი კრიტიკა მესმის, უფრო სწორად, სულ – კრიტიკა, ქართველი ხალხის პოზიტიურს ვერაფერს ვხედავ. აღარ ვკითხულობ კომენტარებს და არც სურვილი მაქვს, მაგრამ მესმის სხვებისგან და მხოლოდ ცუდზეა საუბარი. როდესაც აგებ, ყველა გაკრიტიკებს, როცა იგებ, ყველა ჩუმადაა. ერთი წელი ხომ კარგი თამაშებიც იყო, მარტო იმას ლაპარაკობენ, ცუდი ფეხბურთელები გვყავს, ცუდი დონეა...
ეროვნული ნაკრების წარუმატებლობა ყოველთვის ფეხბურთელებს ბრალდებათ. მარტო ფეხბურთელები აგებთ თამაშებს?
– არა, თამაშს მთელი გუნდი აგებს, მასაჟისტებიც კი, რადგან ყველა ერთად ვემზადებით. რაც შეეხება ფეხბურთელს, მოედანზე ვაკეთებ ყველაფერს, კარგად თუ ცუდად, მაინც ვაკეთებ, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. შეიძლება თამაში არ გამომივიდეს. ფეხბურთში ასეთი წესია – აგებს მთლიანი გუნდი. ჯგუფებად გამოყოფა – ამან მოიგო, იმან წააგო, არასწორია.

ესაუბრა მაგდა კლდიაშვილი

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“