სამართალი
„ბათუმელებმა“ შანტაჟისტი პოლიციელი ამოიცნო!

batumelebi-gazთბილისი, 27 ნოემბერი, საქინფორმი. გაზეთ „ბათუმელების“ განცხადებით,  ორწლიანი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მან მიაკვლია პოლიციელს, რომელიც ორი წლის წინათ გაზეთის ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფის კოორდინატორს აშანტაჟებდა, რათა ამ უკანასკნელს უშიშროების სამსახურთან ეთანამშრომლა.

2009 წლის ნოემბერში გაზეთმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს თანამშრომელი, სახელად „დავითი“, შეეცადა, თანამშრომლობაზე დაეყოლიებინა გაზეთის ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფის კოორდინატორი თედო ჯორბენაძე; წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მაკომპრომეტირებელი ფოტოების გამოქვეყნებით დაემუქრა.

ამ საქმის გასაჯაროებიდან, დაახლოებით, ერთ კვირაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქმე შანტაჟის აშკარა ნიშნებს შეიცავდა და რომ მან გამოძიება დაიწყო. თუმცა მას შემდეგ გამოძიების შესახებ რაიმე ახალი ინფორმაცია არ გავრცელებულა, სამართალდამცველები კი აცხადებდნენ, რომ შეუძლებელი იყო შესაძლო შანტაჟისტის დადგენა.

„ბათუმელების“ თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ის საკუთარ გამოძიებას აწარმოებდა. შედეგად, მან დაადგინა ეჭვმიტანილი შანტაჟისტი და ის აღმოჩნდა შსს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელი დავით დევნოზაშვილი. გაზეთის ცნობით, დევნოზაშვილი თბილისში, დოლიძის 26-ე კორპუსში ცხოვრობს.  მისი ამოცნობა გაზეთ „ბათუმელების“ დირექტორმა მზია ამაღლობელმა შეძლო, რომელმაც დევნოზაშვილს სახლში „ბათუმელების“ თანამშრომლებთან ერთად მიაკითხა.

გაზეთის ცნობით, მზია ამაღლობელი დევნოზაშვილთან საუბრის შემდეგ დაუკავშირდა საპატრულო პოლიციას და აცნობა, რომ დავით დევნოზაშვილი სწორედ ის პირია, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტებით აშანტაჟებდა ჟურნალისტ თედო ჯორბენაძეს. პოლიცია მივიდა დევნოზაშვილის საცხოვრებელ ადგილას. თუმცა, დაახლოებით, ერთ საათში, რა დროსაც, „ბათუმელების“ცნობით, პოლიცია სატელეფონო კონსულტაციებს აწარმოებდა, სათანადო აქტის შედგენის გარეშე დატოვა ადგილი. მათ მხოლოდ ის უთხრეს ჟურნალისტებს, რომ საქმის გამოძიება და დევნოზაშვილის ბინაზე თვალთვალი მიმდინარეობდა.

შსს აცხადებს, რომ გამოძიება საქმის ახალ გარემოებებს იკვლევს. „გენინსპექცია გამოძიებას აგრძელებს და იმედი მაქვს, რამე ახალი გვექნება“, – განუცხადა ჟურნალისტებს შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა 24 ნოემბერს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, კანონის შესაბამისი ყველა საჭირო ზომა მიიღოს, რათა საზოგადოებას გამოძიების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს.