თბილისი, 27 ნოემბერი, საქინფორმი. პარლამენტმა 84 ხმით 4-ის წინააღმდეგ 2011 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას დაუჭირა მხარი.
ცვლილებების მიხედვით, მიმდინარე წლის შემოსავლები არსებული 6.304 მლრდ ლარიდან 6.476 მლრდ ლარამდე იზრდება, ხოლო ხარჯები – 5.966 მლრდ ლარიდან 6.020 მლრდ ლარამდე.
ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ პარლამენტის სხდომაზე ცვლილებების წარდგენისას განაცხადა, რომ ბიუჯეტის მატება ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა, რისი პარამეტრიც 5.5%-დან 6%-მდე გაიზარდა.
„ჩვენ 2012 წელს შევდივართ წელში გამართულები და გვაქვს ის რესურსი და ის საბიუჯეტო სიმყარე, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ გავუძლოთ სხვადასხვა ტიპის გარე ზემოქმედებას, მათ შორის, იმ გამოწვევებს, რომელიც გამომდინარეობს ევროზონის კრიზისიდან“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.ყველაზე მეტი ზრდის წილი 44.6 მლნ ლარის ოდენობით სამინისტროებს შორის თავდაცვის უწყებაზე მოდის, რომლის დაფინანსებაც, მთლიანობაში, წელს 704.6 მლნ ლარს მიაღწევს, რაც, ფინანსთა მინისტრის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების 9.3%-ს წარმოადგენს, ხოლო მშპ-ის, დაახლოებით, – 3%–ს.
„ეს არის ის აუცილებელი დონე თავდაცვის სამინისტროს ასიგნებებისა, რომელიც საჭიროა იმისათვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის უსაფრთხოება“, – განაცხადა მან.
დეპუტატმა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან ლევან ვეფხვაძემ, რომლის ფრაქციამაც ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, განაცხადა, რომ იმის შესახებ, თუ მომდევნო ერთ თვეში რაში უნდა დაიხარჯოს თავდაცვის სამინისტროსთვის დამატებული 44.6 მლნ ლარი, „არანაირი ინფორმაცია არ არის“.
„ომს ხომ არ ველოდებით ამ ერთ თვეში. თუ რამე ხდება, გაგვაგებინეთ“, – მიმართა მან ხელისუფლების წარმომადგენლებს.
უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ციკარიშვილმა საპასუხოდ განაცხადა, რომ თავდაცვაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია „იმ რიტორიკის ფონზე, რასაც ვისმენთ კრემლიდან“.
დეპუტატმა ოპოზიციური ფრაქცია „ერთობა სამართლიანობიდან“ და „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ გამოთქვა ეჭვი, რომ მთავრობა უკვე დახარჯული თანხების ლეგალიზებას ახდენს საბიუჯეტო ცვლილებების გზით, თუმცა ამ ბრალდებებს მმართველი პარტიის დეპუტატებმა უსაფუძვლო უწოდეს.
ბიუჯეტში ეს ცვლილებები უკვე მესამეა წელს აპრილსა და მარტში განხორციელებული შესწორებების შემდეგ.