თბილისი, 27 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველომ რეფორმების განხორციელებაში პროგრესს მიაღწია, მაგრამ მას სჭირდება „დემოკრატიის გაძლიერება და უფრო ბეჯითად მუშაობა ტოლერანტული და პლურალისტული პოლიტიკური კულტურის შესაქმნელად“, – განაცხადა ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში სტეფან ფულემ.
მან ეს განცხადება საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძესთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
სტეფან ფულემ, ასევე, აღნიშნა, რომ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნები და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები „მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება ქართული დემოკრატიისთვის, რასაც ევროკავშირი თვალს მიადევნებს“.„მოლაპარაკებების დროს ჩვენ იმაზე გავამახვილეთ ყურადღება, თუ რამდენად მეტ სარგებელს მიიღებენ ევროკავშირთან ურთიერთობისგან ის პარტნიორი ქვეყნები, რომელიც უფრო მეტად იქნებიან ჩართული რეფორმებში, „მეტი უფრო მეტისთვის პრინციპის“ შესაბამისად“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველომ პროგრესს მიაღწია ამ კუთხით.
შეხვედრის შემდეგ ბარამიძემ განაცხადა, რომ განხილულ იქნა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყება წლის ბოლომდე და ვიზების ლიბერალიზაციაზე მოლაპარაკებების დაწყება გაზაფხულზე. მისი თქმით, შეხვედრაზე იმსჯელეს „ახალ ფორმატებზეც, როგორ შეიძლება გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა ყველა სფეროში, მათ შორის, უსაფრთხოების კუთხით“.
ევროკომისარმა ფულემ განაცხადა, რომ საქართველოში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებისთვის მზადება „ბოლო ეტაპზეა“ და ევროკომისია ახლა საქართველოს მიერ წინაპირობების განხორციელებას აფასებს.
ფულემ, ასევე, აღნიშნა, რომ თუ საქართველო სავიზო და რეადმისიის ხელშეკრულებების ეფექტურ განხორციელებას განაგრძობს, რომლებიც ძალაში მარტში შევიდა, საქართველოსთან დიალოგი უვიზო მიმოსვლაზე „შესაძლოა, ზაფხულამდე დაიწყოს“.