საქართველოში ბოლო დროს მოზარდებს შორის მკვლელობებმა, აგრესიამ და ძალადობამ უკვე შემაშფოთებელი ხასიათი მიიღო. „როცა ყოველ დილით შვილს სკოლაში ვუშვებ, არა ვარ დარწმუნებული, რომ ის ცოცხალი და უვნებელი დაბრუნდება“, – ასე ფიქრობს დღეს ბევრი მშობელი.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მოზარდებში დანაშაული ბოლო 10 წლის განმავლობაში 20%-მდეა მომატებული. თუმცა შს სამინისტროს მონაცემებით, წლიდან წლამდე ჩადენილ დანაშაულთა რიცხვი მცირდება.
შს სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები ასეთია: 2003 წელს არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის 617 შემთხვევა დაფიქსირდა, 2004 წელს – 557, 2005 წელს – 755, 2006 წელს – 997, 2007 წელს – 674, 2008 წელს – 759, 2009 წელს – 595, 2010 წელს კი – 543.შსს სტატისტიკას თითქმის ყოველ კვირას ტელევიზიების მიერ გაშუქებული მოზარდთა მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულებები ეწინააღმდეგება. სპეციალისტებიც ერთხმად აღიარებენ, რომ ეს მონაცემები რეალურთან შედარებით მიზერულია და რომ პრობლემა გაცილებით უფრო მწვავედ დგას, ვიდრე ეს სამინისტროს სტატისტიკიდან ჩანს.
მოზარდთა დანაშაულის შემაშფოთებელი მასშტაბების მაჩვენებელია ის ფაქტიც, რომ ხელისუფლება იძულებულია, საკანონმდებლო ცვლილება მიიღოს, რომლის მიხედვითაც, მოზარდებს 12 წლის ასაკიდან უფროსთა მსგავსად შეეფარდებთ სასჯელი.
პრობლემის შესახებ ბევრს საუბრობენ, მაგრამ მარტო საუბარი საქმეს ვერ შველის. მოზარდებში ძალადობისა და დანაშაულებათა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
ფსიქოლოგი ნაირა ძიძიგური აღნიშნავს: „სამწუხაროდ, დღეს ურთიერთობებში ახალი ღირებულებები და ფასეულობები დამკვიდრდა, მოქმედებს ე.წ. მგლური კანონები. ამასწინათ მეხუთეკლასელი ბავშვი, რომელიც ახალ სკოლაში გადაიყვანეს, მეუბნებოდა – ვიბრძვი იმისათვის, რომ კლასში „მაყურებელი“ გავხდეო. ეს იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ, რა საშუალებებით ცდილობს მოზარდი საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას.
დღევანდელი საინფორმაციო გამოშვებები კრიმინალურ ქრონიკას დაემსგავსა, მულტფილმები და მხატვრული ფილმები ძალადობის სცენებითაა სავსე. როცა ამ ყველაფერს ბავშვი ყოველდღე ხედავს, ნელ-ნელა ეჩვევა და აგრესიული ქცევაც მასში გარკვეულ ნორმად ყალიბდება. ამას კი იმ სავალალო შედეგამდე მივყავართ, რომელიც დღეს ჩვენს რეალობაში ხდება არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი მკვლელობების სიხშირის სახით“.
პრობლემაზე იმერეთის რეგიონის ფსიქოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე დარეჯან მაღლაკელიძეც შეშფოთებით საუბრობს: „10 წლის წინათ ფსიქოლოგებმა და სოციოლოგებმა მოზარდებში გამოკვლევა ჩავატარეთ. 300 რესპონდენტს ვკითხეთ – „ვინ გინდა იყო?“ 90%-ის პასუხი იყო – „ქურდი“. მიზეზად ის დაასახელეს, რომ ქურდი კარგად ცხოვრობს, კარგი გარემო აქვს, მისი ცოლი უზრუნველყოფილია. 3 წლის შემდეგ იმავე შეკითხვის პასუხი იყო – „ბიზნესმენი“. მაგრამ იქაც იყო ნათქვამი, რომ ბიზნესმენი ვერ გახდები, თუ არ მოიპარე, თუ არ გაძარცვე. აქედან გამომდინარე, მოზარდებს თავიდანვე უდევთ ცნობიერებაში, რომ ძალადობის გარეშე კარგად ვერ იცხოვრებს, ეს კი ტრაგედიაა დღევანდელი საზოგადოებისთვის“.
„2011 წლის 31 იანვარი. პოლიციის თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული ვასილ ამირაშვილი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი იუწყება, ამირაშვილმა 26 იანვარს მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში მდებარე წმიდა გიორგის ეკლესიასთან ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანის გამოყენებით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს – 1986 წელს დაბადებულ ანდრო პილპილაშვილს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პილპილაშვილი ადგილზე გარდაიცვალა“.
„2011 წლის 21 თებერვალი. სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ბრალდებული ჯონი იასაღაშვილი დააკავეს, რომელიც 16 წლის ევგენია ანდუაშვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. 16 წლის ევგენია ადუაშვილის ცხედარს სამართალდამცველებმა დმანისის ერთ-ერთ მიტოვებულ საწარმოში საკანალიზაციო ჭაში მიაკვლიეს. ადუაშვილს შეყვარებულმა (მკვლელმა) მიტოვებული ქარხნის ტერიტორიაზე ყელი გამოსჭრა, შემდეგ ბენზინი გადაასხა და დაწვა. მოგვიანებით კი ცხედარი ორმოში ჩააგდო“.
„2011 წლის 26 აგვისტო. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული 16 წლის არასრულწლოვანი დააკავეს. შსს-ის ცნობით, არასრულწლოვანმა 2011 წლის 22 აგვისტოს, დანის გამოყენებით, მეგობრის მამას გულმკერდის არეში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა. რის შედეგადაც დაჭრილი გარდაიცვალა“.
2011 წლის 1 ნოემბერი. მოზარდებს შორის ქართული ენის გაკვეთილზე დაწყებული კონფლიქტი სისხლიანი გარჩევით დასრულდა. აბაშიძის №36-ში ერთმანეთს 55-ე სკოლის 30-მდე მოსწავლე დაუპირისპირდა. 16 წლის ბიჭს ჩხუბის დროს ე.წ. სპიცი კისრის არეში გაუყარეს და ორჯერ – გულში.
სისხლიანი გარჩევის მიზეზად ბიჭებს შორის ორი წლის წინანდელ დაპირისპირებას ასახელებენ. არასრულწლოვანის კლასელები კი ამბობენ, რომ ინციდენტი ბიჭებს შორის მათივე სკოლელი გოგოს გამო მოხდა. ამ ვერსიაზე მუშაობს გამოძიებაც. დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მას ორი გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმებმა ბიჭის გადარჩენა შეძლეს.
აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში ბრალდებული მოზარდი სამართალდამცველებს ჩაბარდა. ის პოლიციაში თავად გამოცხადდა.
შსს-ის ინფორმაციით, დაკავებული არასრულწლოვანია და ის დაჭრილი ბიჭის პარალელურ კლასში სწავლობს. მას ბრალი მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, თუმცა რაკი ის არასრულწლოვანია, გამოძიება მის ასაკს გაითვალისწინებს და, კანონის შესაბამისად, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, სავარაუდოდ, 7 წლამდე პატიმრობას მიუსჯიან.
ასეთია არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულებების ქრონიკა... ეს ისტორიები მხოლოდ ნაწილია იმ მრავალრიცხოვანი დანაშაულების, რასაც არასრულწლოვანები ჩადიან. სახელმწიფო ამ პრობლემის თაობაზე დუმს და თავს შს სამინიტროს სტატისტიკური მონაცემებით იმართლებს. ასე გრძელდება „თვალებში ნაცრის შეყრა“, შედეგად კი უამრავი მოზარდის სიცოცხლეს ვკარგავთ, პარალელურად კი ვიღებთ არასრულწლოვანი პატიმრების გაზრდილ სიას!