პარლამენტში ბიუჯეტი თითქმის ცარიელ დარბაზში განიხილება
თბილისი, 24 ნოემბერი,
საქინფორმი. პარლამენტში მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა თითქმის ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ „IPN“ ავრცელებს. მისივე ცნობით, სხდომათა დარბაზში მხოლოდ უმრავლესობის 20-მდე წევრი და 4 ოპოზიციონერი დეპუტატი იმყოფება. დეპუტატთა რაოდენობის პრობლემა დღევანდელი პლენარული სხდომის დაწყების დროსაც იყო. სხდომის დაწყება კვორუმის არარსებობამ შეაფერხა. კვორუმს 76 დეპუტატი შეადგენს, თუმცა თავდაპირველად რეგისტრაცია გაიარა 70 დეპუტატმა, შემდეგ კი – 75-მა. კვორუმი მხოლოდ მესამე რეგისტრაციის შემდეგ შედგა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებებს, პროექტის შესახებ პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე საუბრობს.
მიმდინარე წლის ბიუჯეტი 213 მილიონი ლარით იზრდება. მიუხედავად პარლამენტართა ასეთი მცირე რაოდენობისა, საბიუჯეტო ცვლილებები დღესვე დამტკიცდება.