თბილისი, 24 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ალასანიამ ჟურნალისტებს ტუბერკულოზის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის აუდიტის შედეგები გააცნო.
აუდიტის შედეგად ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერად განკარგვისა და სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტები გამოვლინდა.
გიორგი ალასანიას განცხადებით, ცენტრის ფინანსურმა დირექტორმა ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალო და საკვები პროდუქტების მოსამარაგებლად, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ხელშეკრულებები გააფორმა მის მიერვე დაფუძნებულ და მასთან დაკავშირებულ 6 სხვადასხვა კომპანიასთან. გიორგი ალასანიას თქმით, დირექტორის ხელშეწყობით, აღნიშნულ კომპანიებს ხელშეკრულებებს უფორმებდნენ დაფუძნებიდან რამდენიმე დღეში ისე, რომ ეს კომპანიები სხვა რაიმე სახის სამეწარმეო საქმიანობას არ ეწეოდნენ.ალასანიას თქმით, 2008-2011 წლებში აღნიშნულ კომპანიებს ცენტრის ბიუჯეტიდან გადაერიცხათ 1 135 755 ლარი, რაც ცენტრის შეყიდვების 31%-ს აჭარბებს.
„სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ტუბერკულოზით დაავადებულთა ქირურგიული ოპერაციების ღირებულება გაზრდილია ხელოვნურად, ქირურგიული ოპერაციის ღირებულების 62% შეადგენს სამედიცინო მასალებს, რომელიც პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან შეძენილია 4 174 ლარად. აღნიშნული მასალების რეალური ღირებულება კი არ აღემატება 1 200 ლარს. აუდიტით დადგინდა, რომ 2008-2011 წლებში აღნიშნული სამედიცინო მასალები გამოყენებული იყო ოპერაციების მხოლოდ 20%-ში. აღნიშნულის მიუხედავად, ძვირადღირებული სამედიცინო მასალის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულია ყველა ოპერაციისათვის.
აღსანიშნავია, რომ ძვირადღირებულ სამედიცინო მასალებს ცენტრი ყიდულობს ამავე ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელისაგან“, – განაცხადა გიორგი ალასანიამ.
კონტროლის პალატის ინფორმაციით, ქირურგიული ოპერაციების ხელოვნურად გაზრდილი ფასის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2008-2011 წლებში არამიზნობრივად გაიხარჯა 1 122 404 ლარი. ტუბდისპანსერებში ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტების განთავსების საწოლი დღეების ხელოვნურად გაზრდის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად ანაზღაურდა 99 400 ლარი.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, ტუბერკულოზის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის არაჯეროვანი მართვის გამო, 2008-2011 წლებში არამართლზომიერად გაიხარჯა 2 400 000 ლარი“, - აცხადებს გიორგი ალასანია.
მისივე თქმით, აუდიტის მასალები გადაეგზავნება სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც გაატარებენ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.