საზოგადოება
2012 წელს დიღომში ახალი უბნის – „ახალი თბილისის“ მშენებლობა იწყება

axali-Tbilisiiiiთბილისი, 24 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, „ახალი თბილისი“ 230 ჰექტარზე გაშენდება, რამდენიმე ზონად დაიყოფა და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით აღიჭურვება. იქ განთავსდება სახელმწიფო უწყებები, საელჩოები, კომერციული  და საოფისე ფართები, საცხოვრებელი სახლები და რეკრეაციული ზონა, სრულყოფილად განვითარდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და მრავალი ისეთი პროექტი განხორციელდება, რაც მას ინვესტორებისთვის მიმზიდველს გახდის. პროცესში ქართველი და უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან.

უგულავას უწყების ინფორმაციით, ახალი თბილისის გაშენების იდეა მრავალწლიან კვლევებსა და გამოცდილებას ემყარება, რაც უზრუნველყოფს თბილისის, როგორც მეტროპოლიის,  გაფართოებას, მის განტვირთვას, ფუნქციურ გადანაწილებას, ინვესტიციების მოზიდვას და, რაც მთავარია, თბილისელების დასაქმებას.

„თბილისის მერია ავითარებს ახალ უბანს, რომლის ფართობიც ვაკე-საბურთალოს ტერიტორიას უდრის. ახალი სივრცის შექმნა დადებითად აისახება თითოეული მოქალაქის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე“, – აცხადებენ მერიაში.

ახალი უბნის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თბილისის მერმა გიგი უგულავამ გააცნეს.

„დღეს აქ წარმოდგენილია თბილისის ახალი უბანი, მას ახალი თბილისი ეწოდება და აქ პირველი მერცხალი სწორედ ეს შოპინგ მოლია და მის გაყოლებაზე პრაქტიკულად ყველაზე დიდი, თანამედროვე უბანი დაემატება ქალაქს, რაც თბილისს და თბილისელებს სრულიად ახალ პერსპექტივას მისცემს, რადგან, რომ ნახოთ სტატისტიკა, დღეს თბილისში 14.5 კვ მეტრი მოდის, აღმოსავლეთ ევროპის სტატისტიკა  – 24, ხოლო დასავლეთ ევროპის – 30 კვ მეტრია ერთ სულ მოსახლეზე. ამ თვალსაზრისით, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა თბილისელებისთვის, ეტაპობრივად გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები. თუ ჩვენ გვინდა, ვიწამოთ და დავიჯეროთ ახალი პროექტის, ახალი თბილისის, ამის საფუძველია ის გაკეთებული სამუშაოები, რომლებიც ამ უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში შესრულდა. ეს იძლევა იმის რწმენას, რომ ეს ყველაფერი, რაც შეიძლება, დღეს ბევრისთვის ოცნებად  ჩანდეს, სულ მალე რეალობად იქცევა და ის უამრავი სამუშაო ადგილის, უამრავი სიკეთის მომტანი იქნება თბილისისთვის, თბილისელებისა და მთლიანად საქართველოსთვის“, – განაცხადა გიგი უგულავამ.