თბილისი, 24 ნოემბერი, საქინფორმი. „გამოყოფილი რეგიონი ლეგიტიმაციის მოპოვებას ადგილობრივი ქართველების უფლებების მხარდაჭერით უნდა ცდილობდეს და არა დომინოს თამაშით“, – წერს „The Guardian“.
სტატიის თანახმად, აფხაზეთს მხოლოდ რუსეთი, ვენესუელა და კიდევ ორი პატარა სახელმწიფო აღიარებს და მისი სტატუსი რუსეთისა და საქართველოსთვის, რომლებიც 2008 წელს ერთმანეთს ხანმოკლე ომში დაუპირისპირდენენ, მწვავე დაპირისპირების მიზეზია.
„ორ ქვეყანას შორის 9 ნოემბერს საბაჟო ზომებზე მიღწეული შეთანხმება იმის ნიშანია, რომ კომპრომისი შესაძლებელია. თუმცა ვაშინგტონისა და თბილისის გაღიზიანება და მოსკოვისა და სოხუმის სიამაყის განცდა ისეთ უწყინარ მოვლენაზე, როგორიც დომინოს მატჩია (მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, რომ ამერიკელ მოთამაშეებზე, იმ მიზნით, რომ მათ თამაში დაეტოვებინათ, ინტენსიური ზეწოლა ხორციელდებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში – ამაოდ), ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად პოლიტიზებულია სინამდვილეში აფხაზეთთან დაკავშირებული ნებისმიერი შეთანხმება. ეს ატმოსფერო ოდნავაც არ აადვილებს დამოუკიდებელი უფლებადამცველების მუშაობას აფხაზეთში. ჩვენი შეხვედრებისას აფხაზ ხელისუფლებთან ეს ვითარება სულაც არ გამხდარა გაოცების მიზეზი, მაგრამ „Human Rights Watch“ იშვიათად ეძებს იოლ გზებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, ისევე, როგორც სხვა ტერიტორიული კონფლიქტების შემთხვევაში, აქაც საჭიროა განსხვავებული, უფრო კრეატიული მიდგომების გამოძებნა, რათა დაცული იქნეს რიგითი ხალხის უფლებები მთავარი მოთამაშეების მიერ. მოცემულ შემთხვევაში ამ მოთამაშეთა შორის არის რუსეთი, რომელიც ტერიტორიას მტკიცე სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს“, – აღნიშნულია სტატიაში, რომლის ქართულ ვერსიას „ფორეინპრესი“ აქვეყნებს.სტატიის ავტორ ჰიუ უილიამსონს მაგალითად მოჰყავს კონფლიქტის შემდეგ დაბრუნებულ ადამიანთა უფლებები და აცხადებს: „საქართველო და აფხაზეთი ერთმანეთს 1992-93 წლებში ეომებოდნენ. ამ ომის შედეგად 200 000-ზე მეტი დევნილი გაჩნდა, დიდწილად – ეთნიკური ქართველები. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გამო იძულებით გადაადგილებულ ადამიანთა რიცხვი გაიზარდა. ერთადერთი ადგილი, სადაც 1993 წლის შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება დევნილებს დაბრუნების უფლებას აძლევს, ეს გალის რაიონია, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ ხაზს ესაზღვრება და სადაც ომამდე მოსახლეობის 96%-ს ეთნიკური ქართველები შეადგენდნენ“.
მისი აზრით, ის ფაქტი, რომ აფხაზეთი დიდწილად არაღიარებული სახელმწიფოა, სულაც არ ამცირებს ხელისუფლების, როგორც ტერიტორიის მაკონტროლებელი ძალის, ვალდებულებას – გაიზიაროს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებები, რაც მოიცავს ეთნიკური ქართველების უფლებასაც – დაუბრკოლებლად დაბრუნდნენ სახლებში, სადაც ომამდე ცხოვრობდნენ. სტატიის თანახმად, აფხაზეთი ამ ვალდებულებების ერთგული არ არის.
„გალის რაიონში, დაახლოებით, 47 000 დევნილი დაბრუნდა, მაგრამ ჩვენი კვლევა ცხადყოფს, რომ აფხაზეთის ხელისუფლება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების განხორციელების გზაზე შეზღუდვებს აწესებს. მაგალითად, ადგილი აქვს დისკრიმინაციულ პროცედურებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გაცემისას, შეზღუდულია თავისუფალი გადაადგილება საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარზე, შეზღუდულია ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლება. ჩვენ ამ საკითხებზე 90 წუთის განმავლობაში ვესაუბრებოდით აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს – ენერგიულ პოლიტიკოსს, რომელიც მობილურით პასუხობს ვიზიტორთა ზარებს. ის ჩვენი დასკვნების უმრავლესობას არ ეთანხმება, თუმცა საუბრობს „ახალ რეალიებზე“, რომელთაც ის აფხაზეთში აშენებს, რეალიებზე, რომელთაც დიდიწლად მტრულად განწყობილი საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა შეეგუოს. თუმცა მან ერთგვარი ღიაობა გამოავლინა სასაზღვრო ხაზის გადაკვეთისა და ქართულ ენაზე განათლების მიღების დეტალებზე. ჩვენ ვთქვით, რომ მისი „ახალი რეალიები“ ამ ტერიტორიის ძირძველი მოსახლეობის უფლებებს უნდა ეფუძნებოდეს. და ამისთვის კონსტრუქციული მიდგომით უნდა მოხდეს ისეთი საკითხების იდენტიფიკაცია, როგორიცაა რეპატრიანტთა უფლებები, რომელიც ლეგიტიმურად მოითხოვს ქმედებებს და სადაც მარტივმა ნაბიჯებმა შეიძლება დიდი დახმარება გაუწიოს ათობით ათას ადამიანს, რათა ისარგებლონ თავიანთი საბაზისო უფლებებით. ანალოგიურად სჭირდება მსგავსი მიდგომა რუსეთსა და საქართველოს დასავლელ მხარდამჭერებს. რუსეთს გამოკვეთილი გავლენა აქვს აფხაზეთზე და ეს უნდა გამოიყენოს, მაშინ, როდესაც დასავლეთს არ წყენდა იმის აღიარება, რომ პოზიტიური პროცესები ადგილზე კონფლიქტის მოგვარებაზეც დადებითად აისახება“, – წერს უილიამსონი და აღნიშნავს, რომ ეს მიდგომა შეიძლება შეერწყას ისეთ ნაბიჯებს, როგორიცაა აფხაზეთში ადამიანის უფლებების მონიტორინგი და მხარდაჭერის პროგრამები ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, როგორიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომლებსაც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ რეგიონის დატოვება აიძულეს.
მისი აზრით, აფხაზეთის აშკარა სვლა საკუთარი სუვერენიტეტის ინსტიტუციონალიზაციისკენ დომინოს თამაშით და სხვა მსგავსი ნაბიჯებით არ უნდა ხდებოდეს ადამიანის უფლებების, მათ შორის, რეპატრიანტთა უფლების ხარჯზე იცხოვრონ მშვიდობიანი ცხოვრებით.