სამართალი
თბილისი, 23 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, წინააღმდეგობის შემთხვევაში, ძნელადაღსაზრდელ მოსწავლეს სკოლა-პანსიონში გადაიყვანენ.
კანონპროექტის მიხედვით, არასრულწლოვანის მიმართ სკოლა-პანსიონში გადაყვანის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ თუ მოსწავლე ამ გადაწყვეტილებას წინააღმდეგობას უწევს, სოციალური მუშაკი უფლებამოსილი იქნება, პოლიციას მისი გადაყვანის მოთხოვნით მიმართოს.
არასრულწლოვანის სკოლა-პანიონში გადაყვანის თუ მის მიმართ მიღებული სხვა გადაწყვეტილებების აღსრულებაზე, პირველ რიგში, პასუხისმგებელი მშობელია, შემდეგ კი – სოციალური მუშაკი. გადაწყვეტილების შეუსრულებლობისათვის ეს პირები პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდებიან, შემდეგ კი 1000-1000 ლარით.მშობელს შვილის სკოლა-პანსიონში გადაყვანის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც ექნება. შესაძლებელი იქნება, გასაჩივრდეს არასრულწლოვანის სკოლა-პანიონში გადაგზავნის ვადებიც.
სკოლა-პანსიონში გადაყვანილ მოსწავლეზე დაკვირვებას სოციალური მუშაკი აწარმოებს, რომელიც არასრულწლოვანის მიერ მიღწეული შედეგების თუ არსებული სირთულეების შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის ჯგუფს ექვს თვეში ერთხელ წარუდგენს.