სამართალი
საკანონმდებლო ცვლილებები ზღუდავს პარტიათა დაფინანსებას

lobirebaთბილისი, 23 ნოემბერი, საქინფორმი. იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსებას უკრძალავს და ფინანსურ ლიმიტებს აწესებს – ეს ცვლილებები ჯერ ოფიციალურად ინიცირებული არ არის, თუმცა გადაგზავნილია ვენეციის კომისიაში ექსპერტიზისთვის.

აღნიშნული ცვლილებები შედის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში და ამ ეტაპზე არ ეხება საარჩევნო კოდექსის იმ დებულებებს, რომლებიც პარტიათა საარჩევნო ფონდების დაფინანსების წესებს ცალკე არეგულირებს. საარჩევნო კოდექსის პროექტში კვლავინდებურად არის გათვალისწინებული იურიდიული პირების უფლება – არაუმეტეს 200 ათასი ლარი შეიტანონ პარტიათა კამპანიის ფონდებში – ეს დებულება მმართველ პარტიასა და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის ზაფხულში მიღწეული შეთანხმების ნაწილია.

მმართველი პარტიის დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმის მიხედვით, თუ რა ვარიანტზე შეჯერდება ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე პარტიების დაფინანსების საკითხები, იგივე რეგულაციები აისახება საარჩევნო კოდექსის პროექტშიც, რომელზეც საბოლოო მოსაზრებებს ვენეციის კომისია დეკემბრის შუა რიცხვებში წარმოადგენს.

ხელისუფლება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებების შემუშავების მოტივად ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ქვეკომიტეტის – „GRECO“-ს, ასევე, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს ასახელებს. თუმცა ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს პოლიტიკაში მილიარდერი ქველმოქმედის – ბიძინა ივანიშვილის, გამოჩენას უკავშირდება.

ცვლილებების პროექტში წარმოდგენილი ახალი ნორმის თანახმად, პარტიებს ეკრძალებათ ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების მიღება „იურიდიული პირებისაგან, მათი გაერთიანებების ან სხვა ტიპის ორგანიზაციული წარმონაქმნებისაგან“.

არსებული კანონმდებლობით, თითოეულ იურიდიულ პირს შეუძლია პარტიას წელიწადში მაქსიმუმ 100 000 ლარი შესწიროს, ხოლო ფიზიკურ პირს – 30 ათასი ლარი.

კანონპროექტით, 60 000 ლარამდე ორმაგდება ფიზიკური პირებისაგან წლიური შემოწირულობების მოცულობა. ამასთან, მოქალაქეს შეეძლება, წლის განმავლობაში რამდენიმე პარტიის სასარგებლოდ გააკეთოს შემოწირულობა, თუმცა მათი ჯამური ოდენობა დადგენილ ზღვრულ მოცულობას – 60 000 ლარს – არ უნდა აჭარბებდეს.

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიისთვის შემოწირულობას ვერ განახორციელებს მოქალაქე, რომლის წლიური შემოსავლების 15%-ზე მეტს წარმოადგენს მის ან მისი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს სასარგებლოდ გამარტივებული წესით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები.

„სხვა პირთა მეშვეობით შემოწირულობების გაკეთება გამოიწვევს შესაბამისი თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში აკუმულირებას, ხოლო ამ ქმედებაზე პასუხისმგებელ პირებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ“, – ნათქვამია პროექტში.

შემოდის ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ლიმიტები წესდება პარტიაში საწევრო შენატანებზე, რაც პარტიათა დაფინანსების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს. კერძოდ, საწევროს წლიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 200 ლარს პარტიის თითოეული წევრისაგან.

ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, პარტიის საწევროები და მოქალაქეთა ნებისმიერი ოდენობის შემოწირულობები პარტიას შეეძლება მიიღოს მხოლოდ გადარიცხვის წესით. მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიკურ პირებს შეუძლიათ, ბანკების გვერდის ავლით პარტიას შესწირონ ნაღდი ფული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს შენატანი წელიწადში 300 ლარს არ აღემატება.

კანონპროექტის ახალი ნორმის თანახმად, „პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, საბაზრო ფასზე მეტად საქონლის შესყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე, საქართველო მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით“.

ანალოგიური შეზღუდვები გავრცელდება იურიდიულ პირებზეც, რომლებიც, კანონპროექტის მიხედვით, პირდაპირ ან არაპირდაპირ არიან დაკავშირებულნი პარტიასთან ან სხვაგვარად იმყოფებიან მათ კონტროლქვეშ; წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებენ ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერის ან მხარდაჭერისაგან თავის შეკავების თაობაზე. ამასთან, კანონპროექტი განმარტავს, რომ იურიდიული პირის „პირდაპირი ან არაპირდაპირი“ კავშირი პარტიასთან ნიშნავს იმას, რომ მისი „ხარჯები პირდაპირ ან არაპირდაპირ  არის დაკავშირებული პოლიტიკური პარტიის საქმიანობასა და მიზნებთან“.

კანონპროექტი აწესებს ახალ შეზღუდვას, რომლის მიხედვითაც, პარტიას სესხის აღების უფლება ექნება მხოლოდ ბანკში და არა რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირისგან. ამასთან, კომერციულ ბანკს უწესდება შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, მის მიერ წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიებისთვის გაცემული კრედიტის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს.

კიდევ ერთ ნოვაციას წარმოადგენს დებულება, რომლის მიხედვითაც, პარტიის მიერ წლის განმავლობაში ყველა დაშვებული წყაროდან მიღებული ჯამური დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-ს.

ამ ნორმის მიღების შემთხვევაში, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრების მიხედვით, თითოეული პარტიის დაფინანსება 2012 წელს 53 მლნ ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

კანონპროექტის თანახმად, თუ რომელიმე პარტია ამ ზღვარს გადასცდება, ვალდებულია, ჭარბი თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხოს.

კანონპროექტის მიხედვით, პარტიათა დაფინანსება იკრძალება ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურის ან სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს მიერ. მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ იმ საწარმოს ეკრძალება შემოწირულობების გაკეთება, რომელშიც სახელმწიფო წილი 10%-ს აღემატება. სახელმწიფო დაფინანსების აკრძალვა არ ვრცელდება იმ საბიუჯეტო დონაციებზე, რომლებსაც პარტიები წინა ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნებზე ნაჩვენები შედეგის საფუძველზე ყოველწლიურად იღებენ.

კანონპროექტის თანახმად, კონტროლის პალატას გადაეცემა ყველა ის უფლებამოსილება, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობით ცენტრალურ სარჩევნო კომისიას ეკისრება პარტიათა დაფინანსების მონიტორინგის კუთხით.

კონტროლის პალატა გახდება პასუხისმგებელი, შეადგინოს პარტიათა საფინანსო დეკლარაციების ფორმა და აუდიტის სტანდარტები. ამასთან, მას ექნება ვალდებულება, რომ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს პარტიათა მიერ წარდგენილი დეკლარაციები, რომელშიც, ახალი დებულების თანახმად, პარტია ვალდებული იქნებ,ა ასევე, ასახოს „მასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული ან სხვაგვარად მის კონტროლქვეშ მყოფი იურიდიული პირების ხარჯები“.

კანონპროექტის თანახმად, კონტროლის პალატას ენიჭება უფლებამოსილება, შეამოწმოს არა მხოლოდ საფინანსო დეკლარაციის, არამედ პარტიის საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის „სისრულე, სისწორე და კანონიერება“. მას ექნება წვდომაც პარტიის ფინანსებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომელიც შეუძლია გამოითხოვოს, მათ შორის, კომერციული ბანკებიდან.

კანონპროექტის კიდევ ერთ სიახლეს წარმოადგენს დებულება, რომლის მიხედვითაც, კონტროლის პალატას შეეძლება პარტიათა დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევაზე რეაგირება მოახდინოს და სანქციები გამოიყენოს; ხოლო დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართოს პროკურატურას.

პროექტის თანახმად, ცვლილებები გამოქვეყნებისთანავე უნდა ამოქმედდეს.