პოლიტიკა
სააკაშვილი მზადაა, ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ სხეულის ყველა ნაწილი დათმოს

saakashvili_misha_222თბილისი, 23 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც პრეზიდენტმა ქუთაისის მთავრობის სახლში გამართულ პირველ სხდომაზე განაცხადა, „ქუთაისის ცენტრი, რომელსაც ხელისუფლება აშენებს, რუსი სალდათების ადგილი იყო, სადაც ისინი თავის ბინძურ საცვლებს ფენდნენ. ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსს ამ ბინძური საცვლების ლოკვა მოენატრა, მაგრამ ეს ქართველი ხალხის სურვილი არ არის“.

„ჩვენ გვინდა, იქ წავიდეთ, სადაც ჩვენი მომავალი დაცული იქნება. ამას წინათ კონდოლიზა რაისმა დაადასტურა ის, რაც ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ რუსეთის ხელისუფლებას პიროვნულად ეზიზღება ქართველები. მათ მარტო სააკაშვილი კი არ ეზიზღებათ, არამედ შევარდნაძეც ეზიზღებოდათ და შემდეგი ხუთი პრემიერი და პრეზიდენტიც შეეზიზღებათ. ასეთი ინსტინქტი აქვთ, იმპერიული ზრახვებიდან გამომდინარე და არა მხოლოდ მათ. იცით, რომ რუსეთის ეკლესიამ ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა საბჭოთა კავშირის აღსადგენად და ამას ძალიან ღიად გამოხატავს. აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ მათ საქართველოს ლიდერის სხეულის რომელიმე ნაწილით ჩამოკიდება უნდათ. მე სიამოვნებით სხეულის ყველა ნაწილს გავუგზავნიდი, თუ საქართველოს ტერიტორიის ნაწილს მაინც დაგვიბრუნებდნენ. მზად ვარ, რამდენსაც ეყოფა ჩემი სხეულის ნაწილები, იმდენი დაგვიბრუნონ. ასი მეტრიც რომ იყოს, მზად ვარ, ჩემი სხეულის ყველა ის ნაწილი დავთმო, რომელსაც ისინი მოითხოვენ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ მათ მთელი საქართველოს დამონება, დაჩოქება და ყოველგვარი წინააღმდეგობის სურვილის გაქრობა სურთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ „ჩვენთვის იქ გზა ჩაკეტილია“. „თუ ვინმეს უნდა იქ წასვლა, შეუძლია, ქუთაისის აეროპორტში მოსკოვის მიმართულებით ბილეთი აიღოს და მთელი თავისი ბარგი-ბარხანით გაფრინდეს. ჩვენ იქით გავუგზავნით მათ პოლიტიკოსებს, აქეთ კი ბევრ რუს ტურისტს მივიღებთ“, – იხუმრა პრეზიდენტმა.