თბილისი, 23 ნოემბერი, საქინფორმი. იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში დღეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში განახლებულ აღმაშენებლის გამზირს გახსნის. დღესვე იგეგმება რიყის პარკში ამერიკის შეერთებული შტატების მე-40 პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ქანდაკების გახსნა. გარდა ამისა, ეროვნული ბიბლიოთეკის მისაღებ დარბაზში რონალდ რეიგანის სახელობის თავისუფლების ცენტრის პრეზენტაცია მოეწყობა.
2003 წლის 23 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ და „გაერთიანებული დემოკრატები“ მოვიდნენ, რის შემდეგაც ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახდა, პრემიერ-მინისტრი – ზურაბ ჟვანია, პარლამენტის თავმჯდომარე კი – კვლავ ნინო ბურჯანაძე.„ვარდების რევოლუციის“ ლიდერებიდან დღეს ხელისუფლებაში მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი რჩება, რომელსაც მეორე ვადით საპრეზიდენტო უფლებამოსილება 2013 წელს ეწურება.
2003 წლიდან „ვარდების რევოლუციის“ დღე – 23 ნოემბერი, რომელიც გიორგობის დღესასწაულს დაემთხვა, ყოველწლიურად აღინიშნება სხვადასხვა ღონისძიებით, მაღალი რანგის სტუმრებით თუ პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის გამოცემით.
2008 წელს, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, 23 ნოემბერი სოლიდარობის დღედაც გამოცხადდა.
23 ნოემბერი, როგორც გიორგობის დღესასწაული, ოფიციალურად უქმე დღედ არის გამოცხადებული.