რელიგია
თბილისი, 23 ნოემბერი, საქინფორმი. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმიდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას დღეს მოსკოვში წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში აღავლენს.წმიდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. 303 წელს მას რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. წმ. გიორგი მხედართმთავარი იყო და დიოკლიტიანეს ქრისტიანებზე დევნის გამო განუდგა. უფლის შეწევნითა და გამხნევებით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა.
ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს. 6 მაისი წმიდანის აღსრულების დღეა. 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღის აღნიშვნა კი ქართულია და სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.