საზოგადოება
„პირველი სტერეო“ მაუწყებლობას წყვეტს

telekompaniaთბილისი, 22 ნოემბერი, საქინფორმი. მუსიკალური ტელეკომპანია „პირველი სტერეო“ მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან მაუწყებლობას შეწყვეტს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ტელეკომპანიის აპარატურა, რომელიც ეთერში გასვლას უზრუნველყოფს, სახელმწიფოს აუქციონზე  გააქვს გასაყიდად. ტელეკომპანია მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ  მაყურებელს საკუთარი ეთერითაც აფრთხილებს.

ტელეკომპანიის აპარატურის აუქციონზე გატანა მას შემდეგ გადაწყდა, რაც მიმდინარე წლის 9 ნოემბერს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ  ყადაღა დაადო.

ყადაღის საფუძველი სახელმწიფო კომპანია „ალფაკომის“ („საქართველოს ტელერადიოცენტრის“ სამართალმემკვიდრე) მიმართ ტელეკომპანიის დავალიანება გახდა, რომელიც თბილისის ტელეანძას, ასევე, საქართველოს რეგიონებში განთავსებულ 30-ზე მეტ მცირე ანძას ფლობს და გარკვეულ 16 ტელეკომპანიასა და 30-ზე მეტ რადიოსადგურს ემსახურება.

კომპანიამ  „პირველ სტერეოს“ დავალიანების გადაუხდებლობის გამო სასამართლოში 2010 წლის 28 ოქტომბერს უჩივლა. ტელეკომპანიის დავალიანება 2008 წლის შემდეგ გორსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ანძების მომსახურების გადასახადსა და საჯარიმო დანარიცხებს წარმოადგენს, რაც ჯამში 150 ათას ლარს აჭარბებს.

საქმე, რომლის სასამართლო განხილვა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, 2011 წლის მაისში მორიგებით დასრულდა. მხარეები  თანხის გადახდის გადანაწილებასა და კონკრეტულ  ვადებზე შეთანხმდნენ. „პირველმა სტერეომ“  გარანტიად საკუთარი ტექნიკა  ჩადო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მაუწყებელმა სასამართლოს მიერ დადგენილი გრაფიკი დაარღვია.

ტელეკომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი დავით ზილფიმიანი კი აპარატურის აუქციონზე გატანას უკანონობას უწოდებს. მისი თქმით, ტელეკომპანიის ანძები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს აფეთქდა.