სამართალი
დედოფლისწყარო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედში მცხოვრები, საწოლს მიჯაჭვული 80 წლის არჩილ პავლიაშვილი, პენსიას ვეღარ იღებს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს მისმა მეუღლემ ნინა პავლიაშვილმა განუცხადა, ბანკში უთხრეს, რომ 1999-2000 წლებში მიწის გადასახადი არ აქვთ გადახდილი და პენსიას ამიტომ ვერ იღებს.
„ერთი თვის პენსია 5 თვის წინაც წაგვართვეს, არ მოგვცეს. ჩემი მეუღლე ავადმყოფია, ვეღარ დადის და საწოლს არის მიჯაჭვული. მეც ავად ვარ. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა და იმასაც აღარ გვაძლევენ“, – აღნიშნა ნინა პავლიაშვილმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს განყოფილებაში არჩილ პავლიაშვილისთვის პენსიის დაკავების მიზეზი ვერ გაარკვია.