თბილისი, 22 ნოემბერი, საქინფორმი. ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის დამტკიცებისა და რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის გუშინდელი განცხადების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერ ნუგზარ წიკლაურს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის დამოკიდებულება კიდევ ერთხელ აინტერესებს. როგორც დეპუტატმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, წლების განმავლობაში რუსეთი ცდილობდა, მსოფლიოში დაემკვიდრებინა მითი, რომ საქართველომ დაიწყო ომი, რომ საქართველოა აგრესორი, ხოცავს მოხუცებსა და ბავშვებს და ა.შ.
მისი თქმით, საუბედუროდ, ქართველი პოლიტიკოსებიც იმეორებდნენ ხოლმე ამ სიცრუეს.დეპუტატის თქმით, უკანასკნელ დღეებში მთელმა მსოფლიომ ნახა, რით დასრულდა რუსეთის ეს მცდელობა – დასასრულად წიკლაური ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასაც ასახელებს. მისი თქმით, რეზოლუციით ცხადი გახდა, ვინ იყო აგრესორი და ვინ – მსხვერპლი.
„გუშინ კი საზოგადოებამ მოისმინა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის აღიარება იმასთან დაკავშირებით, რომ სამხრეთ ოსეთში ომი რუსეთის მიერ იყო ინსპირირებული და მიზანს საქართველოს ნატოში გაწევრების დაბლოკვა წარმოადგენდა. „მე ერთი თვის წინ მოგიწოდეთ, შეგეძლოთ თუ არა, გაგემეორებინათ სიტყვები, რომ ომი დაიწყო საქართველომ. ახლაც განსაკუთრებით მაინტერესებს ომთან დაკავშირებით თქვენი – „რესპუბლიკელების“, ალასანიასა და აღზევებული მდაბიო ბიძინა ივანიშვილის პოზიცია. შეგიძლიათ, დღესაც გაიმეოროთ, რომ ომი საქართველომ დაიწყო?“ – მიმართა ნუგზარ წიკლაურმა ოპოზიცონერებს.
„მალე დადგება დრო, რომ საქართველო იქნება დეოკუპირებული, გამარჯვებული და თავისუფალი. მაშინ კი ოპოზიციის ამ ნაწილის ნახვა საქართველოში და ქართველებთან მსურს და არა პუტინთან და მედვედევთან“, – დასძინა დეპუტატმა.