რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოსკოვში მაცხოვრის სახელობის ტაძარში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარებული წირვის შემდეგ პატრიარქ კირილს იუბილე მიულოცა.
„რუსეთის ეკლესიის წინამძღოლს დიდი გამოცდილება აქვს სულიერი განმანათლებლობის, ეკლესიისა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის, ეკლესიათა და რელიგიათაშორის საკითხში“, – ბრძანა პატრიარქმა ილია მეორემ.უწმიდესმა პატრიარქ კირილს – უფლის შემწეობა, რუსეთის ეკლესიასა და მთლიანად რუსეთს კი აყვავება უსურვა.
მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ქართულადაც ჩატარდა. რუსეთის პატრიარქთან ერთად წირვაზე თანამსახურებდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი, მიტროპოლიტი საბა და ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი ქრისტეფორე.