პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადება

gancxadeba4თბილისი, 21 ნოემბერი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“  პრეზენტაცია, რომელიც 25 ნოემბრისთვის იყო დაგეგმილი, ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობების გამო გადაიდო. გვინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ 3 ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე, ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ  სპორტის სასახლისა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ადმინისტრაციასთან, რათა ყველა მსურველს ჰქონოდა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე დასწრების საშუალება. მოლაპარაკებების პროცესში მუდმივად გვთავაზობდნენ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზს, მაგრამ შემდგომში გაირკვა, რომ 25 ნოემბერს შენობის ნაწილი, ე.წ. ივენთ-ჰოლი სხვა ღონისძიებით იყო დაკავებული. ამ ფაქტის გადამოწმება სატელეფონო ზარით ვცადეთ და აღმოჩნდა, რომ ის სიმართლეს შეესაბამებოდა. ისედაც შეზღუდული სივრცის ფართის ნაწილში პრეზენტაციის გამართვა შეუძლებელი გახდებოდა და საზოგადოების უკმაყოფილებას გამოიწვევდა.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ 3 ნოემბრიდან დღემდე მიმდინარეობს მოლაპარაკება სპორტის სასახლის ადმინისტრაციასთან. ჩვენ ვითხოვდით დარბაზის გამოყოფას ნებისმიერ დღეს 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. მივიღეთ სიტყვიერი უარი, მიზეზად კი უკვე ჩანიშნული ღონისძიებები დასახელდა. სპორტის სასახლის ხელმძღვანელობამ განგვიცხადა, რომ დარბაზი 1 იანვრამდეა დაკავებული, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი წლის 1 იანვრამდე. ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლები იძულებული გახდნენ,  მოლაპარაკების ოფიციალურ ფორმაზე გადასულიყვნენ, გაიგზავნა წერილი სპორტის სასახლის ადმინისტრაციის სახელზე. პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გაჭიანურების. ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა ბიძინა ივანიშვილის პირველი პრესკონფერენციის პირდაპირ ეთერში ტრანსლირების საკითხის გადაწყვეტის დროს. აშკარაა, რომ გადაწყვეტილებების მიღების სქემა ერთი და იგივეა და ამ სქემაზეა მორგებული სპორტის სასახლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაც.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, 25 ნოემბრისთვის დაგეგმილი საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრეზენტაცია დროებით გადაიდო და ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო შეეცდება, პრეზენტაციის კონკრეტული თარიღი უახლოეს დღეებში გაცნობოთ.

 

ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო