სამართალი
ნინო კალანდაძე: „ყველა რესურსს ვიყენებთ დატყვევებული მეზღვაურების გასათავისუფლებლად“

mezgvaurebii3თბილისი, 21 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, „საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რომ სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან ქართველი მეზღვაურების დროულად გათავისუფლება მოხერხდეს“.

მისი თქმით, ხელისუფლების შესაძლებლობები ამ ვითარებაში ძალიან შეზღუდულია, რადგან სახელმწიფოს არ აქვს მეკობრეებთან თანამშრომლობის არანაირი ბერკეტი. „მათთან კავშირის დამყარება რთულია და მიზანშეწონილიც არ იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან“, – განაცხადა კალანდაძემ.

მისივე განმარტებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთში საქართველოს წარმომადგენლობის საშუალებით აქტიურად თანამშრომლობს ბერძენ გემთმფლობელებთან, ასევე, სადაზღვევო კომპანიასთან, რომელსაც უშუალოდ ეკისრება პასუხისმგებლობა აღნიშნულ ვითარებაზე. „ჩვენ გასულ კვირასაც გვქონდა შესაძლებლობა, მათ კიდევ ერთხელ გავსაუბრებოდით, დამატებითი ინფორმაცია მოგვეპოვებინა, მაგრამ დეტალებისაგან თავს შევიკავებთ ამ ეტაპზე. გარწმუნებთ, რომ ჩვენ ვიყენებთ ყველა რესურსს“, – აღნიშნა კალანდაძემ.

შეგახსენებთ, რომ 15 ქართველი მეზღვაური 2010 წლის სექტემბრიდან სომალელი მეკობრეების ტყვეობაში იმყოფება.