სამართალი
2010 წელს სოფელ წითელწყაროში გზის ავარიულობის გამო ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი ბავშვი კი დაშავდა. ლესელიძის ქუჩის მცხოვრებნი 3 წელიან ითხოვენ, რომ თუ ქუჩის შეკეთება გეგმაში არ არის, გზა მაინც გაასწორონ შესაბამისი ტექნიკით. მაგრამ ამ ხალხის ხმა და გასაჭირი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისთვის მეორეხარისხოვანია.
დედოფლისწყაროში სტალინის ქუჩის მონაკვეთის ორმოული შეკეთებისთვის საინვესტიციო პროგრამით გაიხარჯა 220 000 ათასი ლარი. ეს იმ დროს, როცა ლესელიძის ქუჩის მოწესრიგებას სულ რაღაც 5000 ლარი დასჭირდება პირველ ეტაპზე, ხოლო ქალაქის საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას – 50 000 ლარი. სხვა საქმეა, რამდენად ხარისხიანად შესრულდა სამუშაოები. სამაგიეროდ, 9 ძმის ქუჩაზე, სადაც საკრებულოს თავმჯდომარე ცხოვრობს, მოხდა გზების არა ამ მთავრობისთვის ჩვეული ორმოული შეკეთება, ანუ „დაკერება“, არამედ სრულად მოასფალტდა და დაიგო ტროტუარი. ეს არის ერთადერთი გზა, სადაც მისი სრული რეაბილიტირება მოხდა.