საზოგადოება
ტრამვაის სისტემის მშენებლობისთვის ტენდერი იანვარში გამოცხადდება

tramvaiთბილისი, 21 ნოემბერი, საქინფორმი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინიციატივო ჯგუფმა „თბილისის ტრამვაის“ პრეზენტაცია გამართა. კონფერენციაში თემაზე – „თანამედროვე ტრამვაის წარმოება და თბილისი“ – მონაწილეობდნენ  თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი, საინიციატივო ჯგუფი „თბილისის ტრამვაის“ წარმომადგენელი, ჩეხეთის ელჩის მოადგილე მიროსლავ კოსეკი და თსუ-ს სტუდენტური თვითმართველობის წარმომადგენლები.

პრეზენტაციაზე, რომლის მიზანი საზოგადოებისთვის სატრანსპორტო საშუალების – ტრამვაის, უპირატესობის გაცნობა იყო, ტრამვაის სხვადასხვა წარმოებისა და მარკის ვაგონები განიხილეს.  წარმოდგენილ იქნა ჩეხური წარმოების ტრამვაის ვაგონების ფოტონიმუშებიც, რადგან ყველაზე დიდი რაოდენობით სხვადასხვა ქვეყანაში სწორედ ჩეხური წარმოების ტრამვაი ფუნქციონირებს.

თბილისის მერია ტრამვაის სისტემის მშენებლობისთვის ტენდერის გამოცხადებას მომავალი წლის იანვარში გეგმავს. მანამდე ფრანგული კომპანია „სისტრას“ კვლევის შედეგად შეირჩევა თბილისის უბნები და რაიონები, რომლებიც ტრამვაის სისტემას საჭიროებს.