სამართალი
რეგიონებში სასმელი წყლის გადასახადი გაორმაგდა

water-counterთბილისი, 21 ნოემბერი, საქინფორმი. სემეკის დადგენილებით, ნოემბრიდან რეგიონებში სასმელი წყლის გადასახადი გაიზარდა. ერთი ტონა სასმელი წყლის გადასახადი 50 თეთრი გახდა, ნაცვლად დღემდე არსებული 27 თეთრისა.

მოხმარებული წყლის რაოდენობის მიხედვით გაზრდილი გადასახადის გადახდა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის იმ აბონენტებს მოუწევთ, რომლებსაც ინდივიდუალური მრიცხველი აქვთ.

ყვარელში, გურჯაანსა და სიღნაღში აბონენტების გამრიცხველიანება ამჟამად მიმდინარეობს.

„აბონენტების გამრიცხველიანება ერთი თვის წინათ დაიწყო. ქალაქ ყვარელში 2000-მდე აბონენტის გამრიცხველიანება მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. გურჯაანში გამრიცხველიანდება 2200-მდე აბობენტი, ხოლო სიღნაღში –  1000-მდე აბონენტი. ამ ორ ქალაქში აბონენტების გამრიცხველიანებაც წლის ბოლომდე დასრულდება, თუმცა ვადა 2012 წლის თებერვლამდე აქვთ. მრიცხველის ღირებულება თავისი მონტაჟით 100 ლარი ჯდება და ამ თანხას აბონენტი იხდის. თუ რომელიმე აბონენტს თანხის გადახდის საშუალება არ აქვს, მას მიეცემა განვადება 2 წელიწადზე გადანაწილებით ყველანაირი დანამატის გარეშე, თვეში 4 ლარის გადახდა მოუწევს“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს წყალმომარაგების კომპანიის კახეთის ფილიალის მენეჯერმა ფარმა მაყაშვილმა.