საზოგადოება
თბილისი, 21 ნოემბერი, საქინფორმი. უზბეკეთის თასის ფინალის დაპირისპირება „ნასაფსა“ და „პახტაკორს“ შორის ტაშკენტელების რიგებში მოასპარეზე ქართველის – ირაკლი კლიმიაშვილის, ბენეფისად იქცა.
„პახტაკორი“ თასის ფინალში სწორედ კლიმიაშვილის მიერ „შურთანის“ კარში გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მოხვდა. ამ მატჩამდე არცთუ დიდი ხნის წინათ ქართველი ტვინის შერყევას გადაურჩა. ბედად, თასის ფინალი გადაიდო. კლუბის ხელმძღვანელობას ყველაზე მეტად სწორედ ქართველის ეიმედებოდა. და როგორც გამოჩნდა, არცთუ უსაფუძვლოდ.„ნასაფის“ კარში სწრაფი გოლი მე-6 წუთზე გავიდა. გოლის ავტორი ირაკლი კლიმიაშვილი იყო. 29-ე წუთზე მისმა თანაგუნდელმა კლეცკოვმა ტაშკენტელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.
თამაშმა საკმაოდ კორექტულად ჩაიარა – მატჩის მთავარ არბიტრს არცერთი ფეხბურთელისთვის გაფრთხილება არ უჩვენებია. მეორე ტაიმის ბოლოს, 82-ე წუთზე, კლიმიაშვილმა აქტივში დუბლი ჩაიწერა და, ფაქტობრივად, მარტომ გადაწყვიტა თამაშის ბედი.
ქარშელებმა ღირსების გოლი გატანა დამატებულ 94-ე წუთზე მოახერხეს. გამარჯვება და თასი კი ტაშკენტელებს დარჩათ, რაშიც სწორედ ქართველს მიუძღვის ლომის წილი.
შეგახსენებთ, რომ კლიმიაშვილი „ანჟიდან“ არის განათხოვრებული „პახტაკორში“. იჯარის ვადა მას ნოემბრის ბოლოს ეწურება.