კახეთი, 21 ნოემბერი,საქინფორმი. პარტია „თავისუფალი საქართველო“ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პრეზიდენტს საკუთარი პიარკამპანიისთვის სახელმწიფო რესურსებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის უკანონოდ გამოყენებაში ადანაშაულებს.
როგორც კახა კუკავას პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი მოსიაშვილი აცხადებს, „ილიას ტბის გახსნაზე პრეზიდენტისთვის ტაშისდამკვრელები რომ მიეყვანათ, „ნაციონალური მოძრაობის“ მითითებით, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი მთლიანად მოხსნეს და სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ხალხი პრეზიდენტთან შესახვედრად ილიას ტბაზე წაიყვანეს.„16 ნოემბერს საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი თავკაცის მიხეილ სააკაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი, თუ როგორ ვითარდება და შენდება საქართველო. კერძოდ, პრეზიდენტმა ყვარლის მუნიციპალიტეტში გახსნა კომპლექსი „ილიას ტბა“, ამ დიდ და პომპეზურ ცერემონიალს ესწრებოდა რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან საგანგებოდ მიყვანილი „კლაკიორთა“ მთელი არმია. ერთი შეხედვით, „ტაშისმკვრელების“ მიყვანით არაფერი დაშავებულა, თუ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: ვის ხარჯზე მოხდა „კლაკიორთა“ ტრანსპორტირება?
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩათვალა, რომ მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ტრანსპორტი და, ასევე, მასზე გამოყოფილი საწვავი მათივე საკუთრებაა და კახეთის რეგიონულ ცენტრში სრულად მოხსნა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხაზიდან. კერძოდ, ქალაქ თელავში 16 ნოემბერს საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო პარალიზებული, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ოპერატიულად, ორგანიზებულად და ზედმეტი ხარჯის გარეშე გადაეყვანათ „ნაციონალური მოძრაობის“ „მეხოტბეთა“ მთელი შემადგენლობა“, – აცხადებს გიორგი მოსიაშვილი.
მისი თქმით, „თავისუფალი საქართველოს“ კახეთის რეგიონული ორგანიზაცია აპროტესტებს მუნიციპალიტეტის ქონების ერთი კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის პიარკამპანიისთვის გამოყენებას, რომელიც არა მხოლოდ უკანონობა, არამედ უსამართლობაცაა, რასაც ხელისუფლება, სამწუხაროდ, არცთუ ისე იშვიათად ახორციელებს.