თბილისი, 21 ნოემბერი, საქინფორმი. „ტურიზმის სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი საქართველოში. არსებობს მრავალი შესაძლებლობა ტურიზმის სფეროში ინვესტიციების განსახორციელებლად, დაწყებული საზღვაო კურორტებით, გაგრძელებული მთის კურორტებით, სათხილამურო სპორტით, მინერალური წყლებით, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სხვა სახის ტურიზმით. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მდიდარია ტურისტული ღირსშესანიშნაობებით“, – ვკითხულობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე... არ შეიძლება, არ დავეთანხმოთ ვაშაძის უწყებას იმ თვალსაზრისით, რომ ტურიზმის სფეროში ინვესტიციების განსახორციელებლად ნამდვილად მრავალი შესაძლებლობა არსებობს საქართველოში, თუმცა რეალურად რამდენად ვითარდება ტურიზმი – სხვა საკითხია. გვსურს, მკითხველს ორი მაგალითი მოვუყვანოთ განსჯისთვის – რამდენად ვითარდება ტურიზმი და რა ან ვინ უშლის ხელს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას.
ამასწინათ საქინფორმს ამ სფეროში ინფორმირებულმა წყარომ ერთ-ერთი შეხვედრის შესახებ უამბო, რომელიც რამდენიმე თვის წინათ ქუთაისის მერიაში შედგა. შეხვედრას ქუთაისის მერი გიორგი თევდორაძე, მისი მოადგილეები და სხვა მაღალჩინოსნები, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ უცხოელი ექსპერტებიც, რომელთაც საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებსა და ხელისშემშლელ ფაქტორებზე ისაუბრეს. წყაროს განმარტებით, ეს პირები საქართველოში ტურიზმის განვითარების შესახებ სპეციალურ მოხსენებას ამზადებდნენ.„მათ აღნიშნეს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ სწრაფი კვების ობიექტების ამსახველი აბრებია გამოკრული, სანახაობრივი კი, რაც საქართველოში მრავლადაა, არსად ჩანს რეკლამის სახით, რაც მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორია ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის. გარდა ამისა, აღინიშნა, რომ ქვეყანაში შენობები უნიკალურია, თუმცა ამ შენობების იერს მის ქვეშ განთავსებული ვიტრინები აუშნოებს. მათ ძალიან ნეგატიური შეფასება მისცეს ახლად დაგებულ გზებსაც. იყო სხვა ბევრ წვრილმან საკითხზეც საუბარი, რაც ტურიზმის განვითარებას აფერხებს. ჩვენმა ჩინოსნებმა კი ამის საპასუხოდ მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ ყველა შენიშვნა გათვალისწინებული იქნება და პრობლემების აღმოსაფხვრელად ყველაფერი გაკეთდება“, – აცხადებს საქინფორმის წყარო.
ამ შეხვედრის შესახებ მკითხველს იმიტომ ვესაუბრეთ, რომ მსგავსი ღონისძიებები საქართველოში ინტენსიურად და უფრო ფართო მასშტაბებითაც ტარდება, თუმცა ფაქტია, რომ უცხოელი სპეციალისტების შენიშვნები და რეკომენდაციები ამ დრომდე გათვალისწინებული არაა.
უპირველესი, რაც საქართველოში ტურიზმის განვითარებას აფერხებს, მომსახურების დაბალი დონე და მაღალი ფასებია, რითაც საქართველოს უკლებლივ ყველა კურორტი გამოირჩევა. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ კურორტებზე დასვენებას ვერ ახერხებს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა, ფასები საკმაოდ დიდია უცხოელი ტურისტებისთვისაც.
რას აკეთებს ამ დროს მთავრობა? – რეალური, პროგრესული ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად, თითქმის ყოველდღიურად გვესმის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები საქართველოში მილიონობით ტურისტის ჩამოსვლის შესახებ, რითაც ისინი თითქოს ამ სფეროს რეკლამირებას ცდილობენ. თუმცა ფაქტია, რომ არც ეს გამოსდით კარგად. დავუშვათ, მართლაც ჩამოვიდა წელს საქართველოში 3 მილიონი ტურისტი... თუ მომსახურების დონე არ მოეწონათ, ისინი კვლავ ჩამოვლენ საქართველოში ან ურჩევენ სხვებს, მოინახულონ ჩვენი ქვეყნის ულამაზესი კურორტები? – რა თქმა უნდა, არა. სწორედ ესაა მთავარი პრობლემა, რაც ტურიზმის განვითარებას აფერხებს.
გარდა ამისა, უამრავი თავსატეხია საინვესტიციო პრიობებთან დაკავშირებითაც. მართალია, პრეზიდენტი სააკაშვილი ხშირად გვეუბნება, რომ ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით საქართველო წამყვან პოზიციას იკავებს მსოფლიოში, თუმცა ერთია ბიზნესის დარეგისტრირება და დაწყება, მეორე კი – ელიტური კორუფცია, რაც ამა თუ იმ ბიზნესმენის ტერორსა და მათი ბიზნესებიდან ფულის ამოღებაში გამოიხატება. ღიად დაფიქსირებას, რა თქმა უნდა, ყველა ერიდება, თუმცა პრივატულ საუბრებში არც ქართველი და არც უცხოელი ბიზნესმენები მალავენ, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყებისთანავე ექმნებათ პრობლემები, რომ მათთან მიდიან პირდაპირ ქვეყნის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და მოგებიდან მიღებული შემოსავლიდან კონკრეტულ წილებს სთხოვენ, თანაც – არცთუ მცირე რაოდენობაზეა საუბარი.
ერთ-ერთმა ბიზნესმენმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, საქინფორმს უამბო იმის შესახებ, რა პრობლემები შეექმნა საქართველოში სამშენებლო ბიზნესის წამოწყების დროს. როგორც თავად ამბობს, საზღვარგარეთ საკუთარი ბიზნესი საქართველოში – საკუთარ ქვეყანაში, ახლის წამოწყების მიზნით გაყიდა. კერძოდ, ის გეგმავდა სასტუმროსა და კომპლექსური საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ერთ-ერთ საზღვაო კურორტზე, რაც ქონების მოხვეჭის გარდა, დასაქმების, ტურიზმის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილიც იქნებოდა, თუმცა მალევე მოუხდა საქმიანობის შეჩერება – დასახელებული პირობები მისთვის წამგებიანი აღმოჩნდა. „ჩემთან მოვიდა მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და პირდაპირ მითხრა, რომ მოგების 70% პერმანენტულად უნდა მეხადა. გაოგნებული ვიყავი. მივხვდი, რომ არ ღირდა აქ არაფრის კეთება, რადგან შემოთავაზებული პირობებით მოგების ნაცვლად წაგებაში წავიდოდი. იმ შემთხვევაში კი, თუ მოთხოვნას არ დავაკმაყოფილებდი, ციხეში აღმოვჩნდებოდი. ამიტომ შევჩერდი და ჩემს საკუთარ ქვეყანაში ბიზნესზე უარი ვთქვი“, – აცხადებს ინკოგნიტო ბიზნესმენი.
ალბათ, ცხადია, რომ ხელისუფალი, რომელიც საკუთარ მოქალაქეს არ ინდობს, არც სხვის წინაშე დაიხევს უკან. ამის ნათელი მაგალითები – ზეევ ფრენკელი და რონი ფუქსი, დღესაც თბილისის ერთ-ერთ საპყრობილეში სხედან.
მკითხველმა თავად განსაჯოს, რამდენად შესაძლებელია ტურიზმის განვითარება – თუ ქვეყანაში ბიზნესის დაწყება მარტივია, კეთება კი – თითქმის შეუძლებელი; თუ ჩამოსული ტურისტი ქუჩაში აჭრელებულ სხვადასხვა პროდუქციის აბრებს ხედავს – კურორტების რეკლამები კი ჯერ დამზადებულიც არაა; თუ ტურისტმა არ იცის ქვეყნის ადათ-წესები და მენტალიტეტი და შესაძლოა, მისი ჩაცმულობისა თუ ქცევის გამო შეურაცხყოფის ობიექტი აღმოჩნდეს; თუ სასტუმროში მომსახურების დონე არ უმჯობესდება, არ ხდება კადრების გადამზადება; თუ რესტორანში კარგი კერძებია, მაგრამ ისეთი ძვირი, რომ ამ კერძებს ერთი სტუმრობის პერიოდში მეორედ ვეღარ დააგემოვნებ; თუ გიდი ორი დღის სამუშაოში 800 დოლარს მოგთხოვს... ჩამოთვლილი პრობლემები იმდენად მასშტაბურია, რომ მათ მოგვარებას წლები დასჭირდება, თუმცა ეს პროცესი ჯერაც არ დაწყებულა, რის გამოც, ალბათ, ტურიზმის განვითარების პროცესის მიმდინარეობაზეც კი ზედმეტია საუბარი.
ლევან სულაშვილი
საქინფორმი