თბილისი, 18 ნოემბერი, საქინფორმი. მართალია, საქართველოში 14 წლამდე მოზარდებისათვის ვაქცინაცია უფასოა, მაგრამ ექიმები ხშირად პაციენტებს მაინც ფასიანი ვაქცინის გაკეთებას ურჩევენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ბანკები და ფინანსები“ ავრცელებს. საქმე ეხება წითელას, წითურას და ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა „ტრივივაკს“, რომელიც ჩვეულებრივ სააფთიაქო ქსელებში საკმაოდ ძვირი – 48 ლარი ღირს. საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც ექიმები რეკომენდაციას სწორედ ფასიან ვაქცინას უწევენ. შესაბამისად, მშობელთა უმრავლესობა ენდობა ექიმს, არ აყენებს ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ და ამ ხარჯის გაწევაზე უარს ვერ ამბობს. არადა, ფასიანი და უფასო ვაქცინა ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება. ამას თავად მედიკოსები ამტკიცებენ. ამ ფონზე, ბუნებრივია, ისმის კითხვა, რატომ აიძულებს ექიმების ერთი ნაწილი მშობლებს ბავშვის ფასიანი ვაქცინით აცრას?!