საზოგადოება
თბილისი, 18 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის ერთ-ერთი ავტორი, პოლონელი დეპუტატი კრჟიშტოფ ლისეკი საქართველოში ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციას, რომლითაც დეპუტატები ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიარების რეკომენდაციას აძლევენ, მიხეილ სააკაშვილმა „ისტორიული“ უწოდა.
საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის მომხსენებელი, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე კრჟიშტოფ ლისეკი დღეს პირველ შეხვედრებს პარლამენტში გამართავს. საუბარი, ძირითადად, საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობებს შეეხება. „ლისეკი არის ავტორი იმ რეზოლუციისა და რეკომენდაციისა, რომელიც მიღებულ იქნა გუშინ. არის ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტი, საუბარია ღიად და პირველად, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი არის ოკუპირებული ტერიტორიები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპარლამენტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ორგანო მსოფლიო დონეზე და მისი პოზიცია ბუნებრივია არ დარჩება ცარიელ ქაღალდად და პრაქტიკულ წვლილს შეიტანს დეოკუპაციის პროცესში“, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი.