აქტუალური
ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის მისაღებად მიმართავს

miSa-biZinaთბილისი, 18 ნოემბერი, საქინფორმი. ოპოზიციონერმა ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა 17 ნოემბერს, რომ მისი ადვოკატები საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე უახლოეს დღეებში მიმართავენ პრეზიდენტ სააკაშვილს.

რეგიონული მედიასაშუალებებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ იგი ოფიციალურ განაცხადს პრეზიდენტის ადმინისტრაციას პარასკევს ან მომდევნო კვირის განმავლობაში წარუდგენს.

კანონის თანახმად, გადაწყვეტილება ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე პრეზიდენტმა განაცხადის წარდგენიდან, მაქიმუმ, სამ თვეში უნდა მიიღოს.

საქართველოს მოქალაქედ მიღებაზე პრეზიდენტმა უარი შეიძლება უთხრას მხოლოდ იმ პირს, რომელმაც ჩაიდინა საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და ადამიანობის წინააღმდეგ; მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო დანაშაულში; ან  სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი საქართველოს მოქალაქედ მიღება მიზანშეუწონელია.

თავდაპირველად ივანიშვილი და მისი გუნდი თავს იკავებდნენ მოქალაქეობის აღდგენის მიზნით პრეზიდენტისთვის მიმართვისგან და სანაცვლოდ სარჩელი შეიტანეს სასამართლოში მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე პრეზიდენტ სააკაშვილის 11 ოქტომბრის ბრძანებულების გაუქმების თხოვნით.

17 ნოემბერს პრესკონფერენციაზე საუბრისას ივანიშვილმა აღიარა, რომ მისი გეგმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით, გარკვეულწილად, „წინააღმდეგობაში მოდის“  თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილ სარჩელთან. თუმცა მან განაცხადა, რომ იმის გამო გადაწყვიტა, პრეზიდენტისთვის მიემართა, რომ სასამართლო, სავარაუდოდ, გააჭიანურებს პროცესს.

მისი თქმით, იგი იმედოვნებს, რომ მისი საქართველოს მოქალაქეობა აღდგება საქართველოს ხელისუფლებაზე ორმაგი ზეწოლის შედეგად – ერთი მხრივ, საერთაშორისო თანამეგობრობისგან და, მეორე მხრივ, საქართველოს მოსახლეობისგან.

საქართველოს მოქალაქეობის გარეშე ივანიშვილს არ აქვს უფლება, ჩამოაყალიბოს ან დააფინანსოს პოლიტიკური პარტია. თუმცა მან განაცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრეზიდენტი სააკაშვილი არ აღუდგენს მას მოქალაქეობას, ეს ვერ შეუშლის ხელს მის პოლიტიკურ საქმიანობას. ცოტა ხნის წინ ივანიშვილმა განაცხადა, რომ თავისი დაგეგმილი პარტიის პირობით ლიდერად საკუთარ 19 წლის შვილს განიხილავს, რათა დაძლიოს იურიდიული სირთულეები.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა 2004 წელს მიანიჭა და განაცხადა თავის განკარგულებაში, რომ ეს ქმედება „სახელმწიფო ინტერესებში“ შედიოდა. იმ დროს ივანიშვილს რუსული პასპორტი ჰქონდა. თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეც გახდა, რაც შემდგომ მისი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი გახდა. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ ივანიშვილის საფრანგეთის მოქალაქეობის შესახებ მილიარდერი ქველმოქმედის პოლიტიკაში წასვლის შესახებ 7 ოქტომბრის განცხადებიდან შეიტყვეს, სადაც იგი აცხადებდა, რომ საფრანგეთისა და რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას აპირებდა.

საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ ივანიშვილმა რუსული პასპორტის ჩაბარებისთვის საჭირო პროცედურები დაიწყო, თუმცა საფრანგეთის პასპორტის შენარჩუნება გადაწყვიტა. 17 ნოემბერს ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამჟამად მას მხოლოდ ფრანგული პასპორტი აქვს.