აქტუალური
ალასანიას გუნდი „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური რუკიდან წაშლას არ აპირებს

alasa-washlaთბილისი, 18 ნოემბერი, საქინფორმი. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერ ირაკლი ალასანიას განმარტებით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მისი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური რუკიდან წაშლას არ აპირებს. ამის შესახებ არასაპარლამენტო ოპოზიციონერმა ლიდერმა „მაესტროს“ ეთერში საუბრისას განცხადა. „ჩვენი, ჩვენი პარტნიორების, ბიძინა ივანიშვილის ამოცანაა, რომ სააკაშვილი არ გავიდეს სამართლებრივი სივრციდან და არჩევნების გზით მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება, რათა მრავალპარტიული პარლამენტი შედგეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვინდა, წავშალოთ პოლიტიკური რუკიდან „ნაციონალური მოძრაობა“, დარწმუნებული ვარ, რომ მათ ჰყავთ იმდენი მხარდამჭერი, რათა პარლამენტში უმცირესობაში იყვნენ, თუმცა ამას აჩვენებს არჩევნები“, – აცხადებს ალასანია.

ალასანია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი წარსული პოლიტიკოსია, თუმცა ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას გამორიცხავს და ამბობს, რომ სააკაშვილმა უნდა ჩაამთავროს მეორე საპრეზიდენტო ვადა. „მიხეილ სააკაშვილს არა მხოლოდ საპრეზიდენტო ვადა, არამედ ამოეწურა ყველანაირი რესურსი, მაგრამ მივიჩნევ, რომ უნდა ჩაამთავროს საპრეზიდენტო ვადა. ის, როგორც ჩემს, ასევე, დასავლეთის თვალში არის წარსული პოლიტიკოსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში რამე ძალადობრივი ცვლილება უნდა მოხდეს“, – აღნიშნავს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი.

მისივე თქმით, მისი გუნდის უმთავრესი ამოცანა ქართველი საზოგადოების გამთლიანება იქნება და სწორედ ამის პასუხისმგებლობა აიღო მისმა გუნდმა.