თბილისი, 18 ნოემბერი, საქინფორმი. სომალელმა მეკობრეებმა „Youtube“-ზე დატყვევებული ქართველი მეზღვაურების ახალი ვიდეოკადრები გაავრცელეს. დატყვევებული გემის კაპიტან მემედ ზაქრაძის მეუღლე ნაზი კახაბერიძე ამბობს, რომ უკვე 15 თვეა, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური. მისი თქმით, ხელისუფლება აღნიშნული საკითხის მოგვარებას ყურადღებას არ აქცევს.
„ხელისუფლება ყურადღებას არ გვაქცევს, 3-4 დღის წინ აჭარის მთავრობასთან მიტინგი გავმართეთ, მაგრამ არავინ ჩამოსულა ჩვენთან სასაუბროდ. გზის გადაკეტვასაც ვაპირებდით, მაგრამ პოლიციელებმა ხელები გადაგვიგრიხეს და იქაურობა დაგვატოვებინეს“, – განაცხადა დატყვევებული კაპიტნის მეუღლემ.მისივე ინფორმაციით, სომალელების ტყვეობაში მყოფი მეზღვაურების ოჯახის წევრებს გუშინ, საღამოს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ზურაბ ბერიძე უნდა შეხვედროდა, თუმცა შეხვედრა კვლავ გადაიდო.
„იმედია, დღეს მაინც შევხვდებით ადმინისტრაციის უფროსს, რომელიც ტელეფონით საბერძნეთში საქართველოს ელჩ ირაკლი თავართქილაძეს დაგვალაპარაკებს. თავართქილაძეს, წესით, გუშინ უნდა ესაუბრა ადვოკატთან, რომელიც ჩვენი ტყვეების უფლელებს იცავს“, – აცხადებს ნაზი კახაბერიძე.
კახაბერიძის თქმით, ის კომპანია, სადაც მეზღვაურები იყვნენ დასაქმებული, უკვე გაუქმებულია.
შეგახსენებთ, სომალელმა მეკობრეებმა ბერძნული კომპანიის გემი, რომელზეც 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური იმყოფებოდა, 2010 წლის სექტემბერში დაატყვევეს.